დავით არახამიას სრულად ვეთანხმები, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიან გადაბარებით არ მიდიან, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს – ხატია დეკანოიძე

დავით არახამიას სრულად ვეთანხმები – დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიან გადაბარებით არ მიდიან, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

სწორედ ამ კონტექსტში დეკანოიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია გვესმოდეს, ვის მხარეს დადგა საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომში და როგორი პოზიცია დაიკავა მან.

დეკანოიძის შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ დგას.

“თუკი რამემ საქართველოს იმიჯი, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი, შელახა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება და მისი დამოკიდებულება უკრაინასთან – როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ პარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაიწერა რუსეთის ფედერაციის აგრესია, პრეზიდენტ ზელენსკის არ მიეცა საქართველოს პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობა. მათ შორის იყო ანტიუკრაინული განცხადებები. მთელი ეს პროპაგანდა აგებულია იმაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და სურს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების ნაწილი იყოს, სურს ომი. საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, წარმოიქმნა როგორც საფრთხე უკრაინის გამარჯვებისთვის. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელსაც უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აკეთებენ, ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

დავით არახამია იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება და იცავს ევროპის უსაფრთხოებას, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რა პოზიცია დაიკავა საქართველოს ხელისუფლებამ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.