ამოვარდნილია საკონსტიტუციო ფორმატიდან, ეს არის პოლარიზაციისა და დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობა – გია ვოლსკი ოპოზიციის ალტერნატიულ სამუშაო პროცესზე

ეს არის პოლარიზაციისა და დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობა, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ალტერნატიულ სამუშაო პროცესს, რომლის მიზანიც ევროკომისიის 12-პუნქტის შესრულებაზე კანონპროექტების მომზადებაა.

ვოლსკის შეფასებით, „რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც რევოლუცია ჰქვია, ჩაფლავდა და ამ ჩაფლავების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ საპარლამენტო ფორმატებში მუშაობაზე უარს იტყოდნენ“.

„პარალელური პროცესი, რომელიც ამოვარდნილია საკონსტიტუციო ფორმატიდან, საკუთარ თავს თავადვე ახასიათებს. თუკი ვინმეს მიმართ უნდობლობა შეიძლება გამოიხატოს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც რადიკალიზმის, დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესების განვითარების მუდმივი მცდელობა აქვს. ეს ხალხი ამ ფორმატიდან ვერ ამოვარდა.

პარალელური პროცესიც სწორედ ამის მაჩვენებელია. ვერ შეძლეს რა რევოლუციის განვითარება, მათთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა საკონსტიტუციო ფორმატებში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.