ალტერნატიული პროცესი იმიტაციაა, ევროპელების თვალში არაადეკვატურად გამოვიყურებით – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ევროპელების თვალში არაადეკვატურად გამოვიყურებით, რომ ერთ მაგიდასთან დასხდომა და ლაპარაკი არ შეგვიძლია – არ მესმის, გიორგი ვაშაძესა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ასე მოქცევის სურვილი რატომ აქვთ, – ეს განცხადება პარლამენტში „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა გააკეთა.

რაქვიაშვილი საკანონმდებლო პაკეტების მომზადების ალტერნატიულ პროცესს „იმიტაციას“ უწოდებს.

„ოპოზიციური პარტიები კანონების წერაში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუერთდნენ, ოღონდ ეს იგივე ორგანიზაციები „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობენ და მათ სამუშაო ჯგუფებში იღებენ მონაწილეობას. გამოვიდა, რომ გიორგი ვაშაძესა და „ქართულ ოცნებას“ შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებენ. არ მგონია ამას რაიმე შინაარსი ჰქონდეს.

ევროპელები პირდაპირ, არაორაზროვნად გვეუბნებიან, რომ ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ოპოზიციამ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით, მის მიერ ინიცირებული პროცესი დაიწყო, რაც ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების ამოქმედებაში გამოიხატება.

აღნიშნული ჯგუფები ალტერნატიულ საკანონმდებლო პაკეტებს მოამზადებს და ინიცირებისთვის პარლამენტს წარუდგენს.

ამ წუთებში სამი საპარლამენტო ოპოზიციური გაერთიანების: „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან. შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე მიმდინარეობს.

დღესვე მართლმსაჯულების საკითხებზე და ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფები შეიკრიბება.