ამ ეტაპზე ვასახელებ 3 კომპანიას, რომლებიც რუსულ სისხლიან ნავთობს ეზიდებიან საქართველოში – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი, ასახელებს 3 კომპანიას – ვისოლ ჯგუფს, არაგვი იმპექსს და ლუკოილს, რომლებსაც მისივე თქმით, საქართველოში რუსული სანქცირებული ნავთობი შემოაქვთ. ამის შესახებ ხაბეიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ კომპანიების ხელმძღვანელებს მჭიდრო კავშირი აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან.

ხაბეიშვილის თქმით, ინფორმაცია აქვთ კიდევ 10 კომპანიაზე, რომელსაც საქართველოში სანქცირებული ნავთობი შემოაქვს.

ის მოუწოდებს კომპანიის მფლობელებს, გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშვებიან სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში.

“იმ ფონზე, როცა უკიდურესად ძვირდება საწვავი და მოსახლეობას შეძენა ძალიან უჭირს და უკანასკნელი თეთრების გაღება უჭირთ, ამასობაში, საქართველოს მთავრობამ და ოპერატორებმა, კონკრეტულმა ბიზნესმა, გაავსო რუსული სისხლიანი ნავთობით საქართველოს პორტები და ტერმინალები. ამასობაში, უკრაინაში გენოციდის დაწყების პირველი დღიდან დღემდე, 124 მილიონი დოლარის რუსული ნავთობი შემოიტანა საქართველოს ხელისუფლებამ და ოპერატორებმა. ამასობაში, საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ რუსული ნავთობი არც იაფია და არც ერთადერთია, რომ შემოიტანონ ნავთობი, არსებობს ალტერნატივებიც, თუმცა საქართველოს მთავრობა და კონკრეტული ოპერატორები ცდილობენ სისხლიანი რუსული ნავთობი შემოიტანონ და დააფინანსონ როგორც საქართველოს ოკუპაცია, ასევე უკრაინაში გენოციდი.

მინდა დღეს გავასაჯაროო 3 ახალი კომპანია და ათობით არის სამწუხაროდ ჩვენთან კომპანიები, რომლებიც რუსულ სისხლიან ნავთობს ეზიდებიან საქართველოში და ამ ეტაპზე ვასახელებ სამს, რომელიც ამ კრიმინალურ, თაღლითურ საქმიანობაშია ჩართული. პირველი, ეს არის ვისოლ ჯგუფი, ვგულისხმობ სოსო ფხაკაძეს, ქართული ოცნების და ივანიშვილის კარზე ლაქია ბიზნესმენს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ თაღლითური გზებით შემოიტანოს საქართველოში რუსული ე.წ იაფი ნავთობი, რომელსაც შემდეგ ძვირად ყიდის საქართველოს მოქალაქეებზე. მეორე კომპანია არის არაგვი იმპექსი, სრულიად უცნობი კომპანია, იმიტომ რომ დაფუძნდა მარტში და ამის შემდეგ ეზიდება საქართველოში სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს. ფაქტობრივადაც და ფიქტიურადაც, ამ კომპანიის უკან დგანან მამა-შვილი კაკაბაძეები, რუსეთის მოქალაქეები, პეტერბურგში დაახლოებული პირები მაღალი თანამდებობის პირებთან და ოლიგარქებთან, ასევე საქართველოში უშუალო წარმომადგენლები და ირაკლი ღარიბაშვილის მეგობრები, რომლებსაც წყალტუბოში შეძენილი აქვთ აბანოები და ახლა სახელმწიფომ გამოისყიდა ნაწილი, რომელიც მათ არ აქვთ და სავარაუდოდ, ამ ადამიანებისთვის აპირებენ გადაცემას და მესამე, ცხადია, ლუკოილი, რომელიც სხვადასხვა თაღლითური გზებით დაატარებს საქართველოში სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს.

ვაძლევთ რამდენიმე დღეს ამ სამ კომპანიასაც და დანარჩენ ათსაც, რომელსაც ამ დროისთვის არ ვასახელებ, არადა ყველა გვაქვს ხელთ, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშვებიან სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში და შეეშვებიან უკრაინის გენოციდის დაფინანსებას”, – ამბობს ხაბეიშვილი.