“ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამაში 25 კორპუსია ჩართული “- კახა კალაძე

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ინიცირება ასევე ჩემი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოხდა, არის ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა. ამ პროგრამის განხორციელებაც 2022 წლიდან დავიწყეთ. პირველი ავარიული სახლის დემონტაჟი უკვე განხორციელებულია, ერთი თვეში სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება და მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობას ახალი, გარემონტებული ბინები გადაეცემათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის თქმით, პროგრამაში 25 საცხოვრებელი კორპუსია ჩართული და მათი ჩანაცვლების პროცესი სხვადასხვა ეტაპზეა.

„ზოგ შემთხვევაში პროექტირების სამუშაოებია დასრულებული და ტენდერიც გამოცხადდება სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ სახლების მობინადრეებს გადავცეთ მოწესრიგებული ბინები. ყურადღებას გავამახვილებ იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული პროგრამა არ ვრცელდება ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიულ სახლებზე, ვინაიდან ამ უბნებში განაშენიანების პარამეტრები მკაცრად არის რეგლამენტირებული, შესაბამისად, ამ არეალებში ამ წესიდან გამონაკლისია დადგენილი.

მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, იმუშაოს სხვადასხვა სამსახურთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან და გამგეობებთან ერთად, რათა შევიმუშაოთ ისტორიულ უბნებში ავარიული საცხოვრებელი სახლების გაჯანსაღების პროგრამა. ვიცი, რომ გარკვეული იდეები დამუშავებული გაქვთ. შეადგინეთ და მოსახლეობას შევთავაზოთ კონკრეტული მოდელი, რომლითაც ისინი შეძლებენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ყოველდღიურად, ისტორიულ უბანში მცხოვრები ძალიან ბევრი მოქალაქე მოგვმართავს ანალოგიური პრობლემით. მესმის, რომ ეს საცხოვრებელი სახლები მათი საკუთრებაა, მაგრამ ყველას არ აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს საკუთარი უძრავი ქონების კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაცია და მოწესრიგება. ამიტომ, გავალებთ, რომ მუნიციპალიტეტმა გარკვეული პროგრამა შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს, მერიასთან თანამშრომლობით და კოორდინაციით გაიუმჯობესონ საცხოვრებელი გარემო“, – განაცხადა კახა კალაძემ.