“არ შეიძლება, ერთი ადამიანი განასახიერებდეს ევროინტეგრაციის პროცესს”-ლევან იოსელიანი

არ შეიძლება, ერთი ადამიანი თავის თავში განასახიერებდეს იმხელა პროცესს, რაც ევროინტეგრაციაა, მეორე მხრივ, თუ მიხეილ სააკაშვილის ამბავი ცუდად დასრულდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის განმარტებით, ფატალური შედეგი ქვეყნისთვის დიდი სირცხვილი იქნება.

„ერთი ადამიანი არ შეიძლება, თავის თავში განასახიერებდეს იმხელა პროცესს, რაც არის ევროინტეგრაცია, მეორე მხრივ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის ამბავი ცუდად დასრულდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე. ვერც ერთი ჩვენი პარტნიორი ვერ გაიგებს, სახელმწიფომ რატომ დაუშვა პრეზიდენტის მდგომარეობის იმდაგვარად გაუარესება, რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო ფატალურად. ღმერთმა არ ქნას, ეს ასე იყოს, მე ვსაუბრობ ყველაზე უარეს სცენარზე, რაც ქვეყნისთვის იქნება ძალიან დიდი სირცხვილი, ასევე, ევროინტეგრაციის გზაზე დამაბრკოლებელი“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.