ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი აზრამდე, რომ ციხეთა კონტინგენტი, მინიმუმ, ორჯერ არის შესამცირებელი, იმ დათქმით, რომ საშიში დამნაშავეები არ იქნებიან გათავისუფლებულები და ასევე ციხეებში დაბრუნებული ქურდული სუბკულტურა ხელახლა იქნება განეიტრალებული, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ" დიდი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა შეაჩერა და არსებულ დაწესებულებებს მიაშენა კორპუსები.
„გარდა ძალადობისა, ციხეებში არის სხვა ბევრი პრობლემა. მე, უკვე 5 წელზე მეტია, ტყვეობაში ვარ და შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვებები და გამოცდილება. ამ წლებში მოხდა „ნაცმოძრაობის" დროს აშენებული გამართული ციხეების კორპუსების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოუვლელობის გამო. ძალიან გაუარესდა სანიტარული მდგომარეობა, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელში, როგორც ჩანს, კორუფციის კიდევ უფრო მომატების გამო, ბოლო 2 წელიწადში კატასტროფულად გაუარესდა საკვების ხარისხი. უმეტესი საკვები უბრალოდ არ იჭმევა და ამასთან ერთად, ვეღარც გარედან შემოაქვთ საკვები. თუ ადრე ამანათების შემოტანა ყოველდღე იყო შესაძლებელი, ახლა - მხოლოდ თვეში ორჯერ. ახლახან აკრძალეს „ფლეშკებით" ვიდეოფილმების შემოტანა (რომლებიც პატიმრებისთვის დროის მოკვლის შესაძლებლობა იყო).
შევარდნაძის დროს იუსტიციის მინისტრი ვიყავი და მახსოვს, რა საშინელება იყო მაშინდელი ციხეები, შემდეგ ისინი დავანგრიეთ და ახალი ავაშენეთ. მათ შორის, 2012 წლამდე გვქონდა დაწყებული ნორვეგიული სტანდარტის დიდი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა. ეს „ქოცებმა" გააჩერეს. სამაგიეროდ არსებულ დაწესებულებებს მოაშენეს კორპუსები. მაგალითად, რუსთავის ციხეს, რომელშიც ვიმყოფები, მოაშენეს ნაწილი და 1 თვის წინ ციხე გაიბზარა, ძველ ნაწილს და „ქოცების" მოშენებულ ნაწილს შორის გაჩნდა დიდი ბზარი, რომელზეც გადაბიჯება მიხდება ყოველ ჯერზე, დერეფანში მოძრაობისას (რა სიმბოლურია!). განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში დააწესეს ბევრი უაზრო შეზღუდვა, რომელთაც არ ვემორჩილები და არც დავემორჩილები და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ. ნუ შეაყოფინებთ ამათ თითებს კიდევ უფრო ღრმად. ამოიღეთ ხმა! ამაზე უარესი მაინც არ იქნება. მე პირადად ძალიან ხმამაღლა ვაპროტესტებ ყველაფერს.
ვინაიდან სახალხო დამცველის ინსტიტუტი პრაქტიკულად აღარ არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია მოთხოვნა, რომ ციხეებში რეგულარულად დაუშვან კომისია, რომელშიც შევლენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახების წევრები. მათ უნდა მიეცეთ საშუალება, გაესაუბრონ პატიმრებს, გაეცნონ შეზღუდვების მოტივაციას და გაასაჩივრონ უაზრო შეზღუდვები, დააყენონ „უდოს" სამართლიანად გამოყენების საკითხი, თვითონ გააკონტროლონ საკვების ხარისხი და სანიტარული მდგომარეობა. დააყენონ ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი კორუფციაზე. ამ ყველაფერს მალაპარაკებს ჩემი პირადი გამოცდილება და ის, რომ აქ გავიგე ის, რასაც გარედან ვერ გავიგებდი, თან ამ ყველაფერზე ვითვალისწინებ, რომ ციხეში, გარდა უდანაშაულოდ მოხვედრილი ხალხისა, უმრავლესობას შეადგენენ ნამდვილი კრიმინალები, რომელთაგან ფართო საზოგადოების დაცვა აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ცივილიზებულ და ჰუმანურ ფარგლებში.
ისე კი, ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი აზრამდე, რომ ციხეთა კონტინგენტი, მინიმუმ, ორჯერ არის შესამცირებელი, იმ დათქმით, რომ საშიში დამნაშავეები არ იქნებიან გათავისუფლებულები და ასევე ციხეებში დაბრუნებული ქურდული სუბკულტურა ხელახლა იქნება განეიტრალებული. აუტანელია იმის ხილვა, რომ „ქოცების" პირობებში ციხეებიდან ისევ კონტროლდება ქვეყანაში დანაშაული", - წერს სააკაშვილი.
ამასთან ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „ე.წ. ციხის კადრები დადგმული იყო".
„გეყოთ სიმართლისგან გაქცევა. ცოცხის კადრებიც დადგმული იყო და „კარანტინის კადრებიც" და ამას წყალი არ გაუვა! ეს იყო სპეცოპერაცია. ჩვენს დროს იყო პრობლემები ციხეებში. გაიხსენეთ საიდან დავიწყეთ - შევარდნაძის დროს წინასწარი დაკავების საკანში დათვი ჰყავდათ პატიმრების დასაშინებლად. ციხეებიდან აკონტროლებდა ქურდული სამყარო დანაშაულს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ქურდების განეიტრალებისთვის გატარდა ზომები, მათ შორის გადამეტებული, მაგრამ ნამდვილად არ ხდებოდა გაუპატიურებები, პატიმრების მიგზავნა სხვა პატიმრების საცემად, ციხის უფროსების მკვლელობები. ბევრად უკეთესი იყო კვება და სანიტარული პირობები.
შეადარეთ ჩემი რეაქცია ციხის კადრებზე 2012 წელს, ეგრევე გავხსენი ციხეები, შევუშვი ჟურნალისტები, ოჯახების წევრები, სასულიერო პირები მასიურად. მინისტრიც გადავაყენე და ნახეთ ახლა ამათი რეაქცია ახლანდელ ნამდვილ კადრებზე - ციხეების დაკეტვა, რეპრესიები, რეჟიმის გამკაცრება და მოძალადე პერსონალის საჯარო წახალისება. ე.ი. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მე სუსტი ვიყავი და თვითონ ბოლომდე უჭერს ხელს. ჰოდა, წაიტეხავენ კიდევაც კისერს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.



