აქტიურად მიმდინარეობს კლინიკების შემოწმება, ვიდრე სისტემურად არ მოვაწესრიგებთ, შემოწმებას თავს არ დავანებებთ – ზურაბ აზარაშვილი

აქტიურად მიმდინარეობს ინფექციის კონტროლი, კლინიკების შემოწმება ერთჯერადი არ არის. ვიდრე სისტემურად არ მოვაწესრიგებთ, შემოწმებას თავს არ დავანებებთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ, რომ უზრუნველყონ ადეკვატური მკურნალობა და ხარისხი, მათ წინააღმდეგ შესაბამისი სანქციები გატარდება.

„კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ აქტიურად  მიმდინარეობს ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, როცა ესა თუ ის ოპერაცია უტარდებათ. ამას უკვე მიეცა სისტემური ხასიათი. შემოწმება არ არის ერთჯერადი, რომ შევედით მოვალეობის მოხდის მიზნით, ვნახეთ არსებობს ინფექცია ან არ არის და წამოვედით. უკვე არის კლინიკები, სადაც ორჯერ და ზოგ შემთხვევაში, სამჯერაც მივიდნენ, რადგან ჩვენ ვიდრე სისტემურად არ მოვაწესრიგებთ, ამას თავს არ დავანებებთ. კლინიკები, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ შეძლებენ, რომ უზრუნველყონ ადეკვატური მკურნალობა და ხარისხი, მოგვიწევს მათი საყოველთაოდან ჩახსნა და შემდეგ კიდევ უფრო მძიმე სანქციების გატარება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.