“თავიდანვე მკაცრი პოზიცია უნდა დაგვეჭირა, როცა უკრაინის პრეზიდენტმა ძებნილი სააკაშვილი დაიყენა გვერდით,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “დროული კითხვები” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. (იხილეთ ვიდეო)
“რა თქმა უნდა, უკრაინის მთავრობის მხრიდან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოთქმული ინტერესი ჩვენთვის ახალი არ არის. ამასთან დაკავშირებით ჩვენს გუნდს, ყოველთვის დაბალანსებული რეაქცია ჰქონდა, თუმცა დღეის გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ თავიდანვე მკაცრი პოზიცია უნდა დაგვეჭირა, როცა უკრაინის მთავრობამ და პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძებნილი სააკაშვილი გვერდით დაიყენა. ფაქტია, რომ ეს ადამიანი საქართველოს კანონმდებლობით იძებნებოდა და ამავდროულად უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. შესაბამისად, მათი მხრიდან არ მიკვირს მსგავსი განცხადებების გაკეთება,” – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, 7 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა: “ოფიციალურად ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს სააკაშვილი მკურნალობის მიზნით.”