“სომხეთის ერთადერთი მარშრუტი თურქეთზე გადის”-Daily Sabah

„სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება: მისი მომავალი თურქეთზეა დამოკიდებული – შეძლებს თუ არა იგი უნარიანად და მომგებიანად ისარგებლოს თურქეთთან საზღვრების გახსნით და ვაჭრობის გაფართოებით?
რეალობა ისაა, რომ სომხეთს თურქეთთან ურთიერთობის გარეშე სხვა გზა არ აქვს“, – ნათქვამია თურქეთის ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთში „დეილი საბაჰში“ (Daily Sabah) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სომხეთის ერთადერთი მარშრუტი თურქეთზე გადის“ (ავტორი – მელიქ ალთინოქი).

„მთიან ყარაბაღში განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაში აზერბაიჯანის სწრაფი წარმატება სომხეთისათვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. სომეხი ნაციონალისტები ანტითურქულ აგიტაციას ეწევიან – ერთმანეთს ადარებენ სომეხი ლტოლვილების ამჟამინდელ და 1915 წლის დროინდელ ფოტოსურათებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ეწყობა საპროტესტო აქციები, რომლებზეც დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ინერტულობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მან „სამშობლო გაყიდა, ხალხს უღალატა“.

დღევანდელი სიტუაციის უკეთ გასაცნობიერებლად და გასაგებად თვალი გადავავლოთ პროცესებს, რომლებიც სომხეთში ბოლო წლებში მიმდინარეობდა.

ნიკოლ ფაშინიანი, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, თავდაპირველად იმედს უნერგავდა სომხებს და მათ იმ პრობლემების რაციონალურ მოგვარებას ჰპირდებოდა, რომლებსაც წლების განმავლობაში საზოგადოებაში ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული. იგი ყოველნაირად ცდილობდა ბალანსის პოვნას რუსეთსა და დასავლეთს შორის, მაგრამ შეცდა და შედეგად დისბალანსი მიიღო. სწორედ ამ საგარეო პოლიტიკურმა დისბალანსმა გამოიწვია სომხეთის დამარცხება მთიან ყარაბაღში, 2020 წლის შემოდგომაზე მომხდარ ომში. მოსკოვი ერევანს ჯერ აფრთხილებდა, შემდეგ კი „ჭკუა ასწავლა“ – ხელში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეატოვა, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით სარგებლობდა.

ნიკოლ ფაშინიანი, თავის განზრახვების შესრულებას მტკიცედ ცდილობდა – სურდა, რომ სომხეთი ტრადიციული ისტორიული გადმონაშთებისაგან გათავისუფლებულიყო, რომლებითაც სომხური საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში იყო შებოჭილი. იგი თურქეთსაც კი ეწვია, პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის ინაუგურაციის დროს – ქვეყანას, რომელიც „სომხეთის მარადიულ მტრად“ ითვლება. იმავდროულად იგი ეძებდა ალტერნატიულ ალიანსებს, რუსეთის ჩასანაცვლებლად, ამ მიზნით თანხმობა განაცხადა აშშ-სთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზეც, რაც ადრე არასოდეს არ მომხდარა.

ილჰამ ალიევმა, რომელმაც იგრძნო მისთვის სასიკეთო შესაძლებლობა სომხეთში მიმდინარე შიდა რყევებისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, სწრაფად და ეფექტურად განახორციელა მთიანი ყარაბაღის გაკონტროლება და ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლების დემონტაჟი მოახდინა.

ბევრმა საეჭვოდ ჩათვალა ნიკოლ ფაშინიანის სტრატეგიული კურსი რეგიონში, აშშ-ისა და საფრანგეთის იმედით, მთავარი მოთამაშეების უგულებელყოფისა და მათი ჩანაცვლების შესახებ. ასევე შეცდომად იქნა მიჩნეული (თითქოსდა „გამოუცდელობის გამო“) ის ნაბიჯი, რომ მან უკრაინასთან დასაახლოებლად გარკვეული ანტირუსული დემარში განახორციელა – ცოლი კიევში გაგზავნა, რომელმაც უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების გაწევა აღუთქვა.

მაგრამ აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ გარემოებას: 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მთიან ყარაბაღში მოქმედი ხელისუფლება სომხეთისათვის ე.წ. „სიღრმითი სახელმწიფოს“ როლს ასრულებდა, ანუ ისეთ როლს, რომელზეც სომხეთი იძულებული ხდებოდა დამოკიდებული ყოფილიყო. ერევანში არჩეული ყოველი ხელისუფლება ვალდებული იყო მთიანი ყარაბაღის ინტერესები დაეცვა. მემკვიდრეობითი სტატუს-კვო შენარჩუნებული იყო როგორც რუსეთის, ასევე გარკვეულწილად, სომხური დიასპორის დახმარებით. ნიკოლ ფაშინიანმა კი ამ მემკვიდრეობითი ჯაჭვის გაწყვეტა განიზრახა – შეეცადა რუსეთი ჩაენაცვლებინა. იგი თავის გეგმას წარმატებით ასრულებს: უკრაინასთან კავშირებს იწყებს, საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს უერთდება, რომელიც ვლადიმერ პუტინს დაპატიმრებით ემუქრება…

ნიკოლ ფაშინიანი უჭკუო არ არის – მაგალითად, „ზანგეზურის დერეფანთან“ მიმართებით. მართალია, მის შექმნას სომეხი ნაციონალისტები ეწინააღმდეგებიან, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა იცის, თუ რა პოზიტიურ შედეგს მოუტანს ღარიბ სომხეთს თურქეთთან ვაჭრობა – დერეფნის გახსნა ერევნისათვის „მაშველი რგოლის“ როლს შეასრულებს. ამჟამად თურქეთში ასი ათასზე მეტი სომეხი მუშაობს, რის შედეგადაც ისინი სომხეთში დარჩენილ თავიანთ ოჯახებს ეხმარებიან. სომხეთი თუ საზღვრებს გახსნის (კაცმა რომ თქვას, ჩვენი მეზობლის მოსახლეობა ერთი საშუალო თურქული ქალაქის მოსახლეობის ტოლფასია), მისი ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად დაჩქარდება.

რა თქმა უნდა, ნიკოლ ფაშინიანმა ზანგეზურთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება უნდა დააჩქაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა განაცხადა, მას გზა ირანისაკენ რჩება.

თუ ნიკოლ ფაშინიანი სომხეთისათვის საზღვრების გახსნას და თურქეთთან ვაჭრობის გაფართოებას ვერ შეძლებს, მისი პოლიტიკური პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება -არ არის გამორიცხული ისევ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

წყარო