"მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ", - ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა.
სულამანიძის თქმით, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა უმნიშვნელოვანესია, დარჩენილი კი ოლიმპიური ჩემპიონობაა.
"მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ. ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, ოჯახს, დედას, მამას, ძმას, ყველა ნათესავს.
დიდი მადლობა ლაშა გუჯეჯიანს, რადგან ამ აღებული მოსავლის დიდი ნაწილი მისი დათესილია. დიდი მადლობა დავით ქევხიშვილს, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ ლომერ ჟორჟოლიანს. ასევე, დიდი მადლობა ყველა მწვრთნელსა და ექიმს. შევეცდები, ოლიმპიადაზეც ოქროს მედალი მოვიპოვო.
ძალიან ემოციური იყო, როდესაც საქართველოს დროშას ვუყურებდი. ვცდილობდი, ბევრი ცრემლი არ გამომსვლოდა. გული ამიჩუყდა. ამ დროს ცრემლების შეკავება ძალიან რთულია. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა უმნიშვენლოვანესია. ოლიმპიური ოქრო მაქვს დარჩენილი და 2028 წელს მოვიპოვებ", - ამბობს ილია სულამანიძე.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ამ დროისთვის ოთხი მედალი აქვს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონები ილია სულამანიძე (100კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ვერცხლის პრიზიორია, ხოლო გიორგი სარდალაშვილი (60კგ) - ბრინჯაოსი.



