“ფაშინიანმა ყარაბაღი დაკარგა, მაგრამ სომხეთში ხელისუფლებას ინარჩუნებს” – Deutsche Welle

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღი დაკარგა, მაგრამ სომხეთში ხელისუფლებას ინარჩუნებს“ (ავტორი – არშალუის მღდესიანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სომხური ოპოზიცია ერთ კვირაზე მეტია პერმანენტულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს მართავს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით: ნიკოლ ფაშინიანს „სახელმწიფოსა და სომეხი ხალხის ღალატში“ ადანაშაულებენ მისი გადაწყვეტილების გამო – არ ჩარეულიყო მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ 19-20 სექტემბერს განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაში.

„პროტესტები არის, მაგრამ გადადგომა არ ჩანს“

„ნიკოლი – მოღალატე!“, „სომხეთი – ნიკოლის გარეშე!“, „არცახი, არცახი!“, – ასეთი ლოზუნგებით მიმდინარეობს სომხეთში ანტისახელისუფლებო ოპოზიციური მიტინგები. მთავრობის მოწინააღმდეგეები ცდილობენ ქუჩები გადაკეტონ და ადმინისტრაციულ შენობები დაბლოკონ, რომ სახელმწიფო ორგანოების მუშაობა პარალიზებული იქნას. საპროტესტო მოძრაობის კოორდინაციის მიზნით შექმნილია „ეროვნული კომიტეტი“, რომელსაც მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროინდელი სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვაზგენ მანუკიანი ხელმძღვანელობს.

მაგრამ ოპოზიცია თავის მიზნებს ვერ აღწევს – ხელისუფლების ინტერესების დამცველი სომხეთის პოლიცია ადგილზეა: შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებში მონაწილეობის გამო უკვე ასობით მოქალაქეა დაკავებული ბრალდებით „ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნების შეუსრულებლობა“. ზოგიერთ დაკავებულს სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებაც აქვს წაყენებული – მათ შორის ლევონ ქოჩარიანს, სომხეთის ქს-პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ვაჟს.

ოპოზიცია ერევნის მთლიან პარალიზებას ვერ ახერხებს

სომხეთის დედაქალაქის ქუჩებში არასასიამოვნო „საცობები“ გახშირდა, მაგრამ [ქვეყნის მასშტაბით] სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები ჯერ-ჯერობით ისეთი ფართო და მრავალრიცხოვანი არ არის, რომ ხელისუფლების მთლიანი პარალიზება და საბოლოო ჯამში, მთავრობის ცვლა გამოიწვიოს.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ იმპულსს შესძენს ერევნის მიტინგებს მთიანი ყარაბაღიდან იძულებით წამოსული ათი ათასობით სომეხი. „დევნილები საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი იქნებიან“, – აცხადებს მთავრობის პრესსამსახური და აღნიშნავს, რომ ყარაბაღელი სომხებისათვის უკვე მომზადებულია 40 ათასი ადგილი.

„მოსახლეობა ოპოზიციას არ ენდობა“

იბადება კითხვა: როგორ ინარჩუნებს ხელისუფლებას ნიკოლ ფაშინიანი და მისი პოლიტიკური გუნდი მთიანი ყარაბაღის ტრაგიკული მოვლენების ფონზე? როგორც ექსპერტები ამბობენ, „ოპოზიციისადმი საზოგადოებას ძალიან დაბალი ნდობა აქვს“ და მიუთითებენ იმაზე, რომ ანტისამთავრობო აქციების კოორდინირების მიზნით ჩამოყალიბებულ „ეროვნულ კომიტეტში“ შედიან ყოფილი ხელისუფლების – დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები, ანუ ისინი, რომლებიც სომხეთის მოსახლეობამ 2018 წლის აპრილში მომხდარი ფართო გამოსვლების (ე.წ. „სომხეთის გაზაფხულის“) შედეგად დაამხო.

ერევნელი ანალიტიკოსი აკოფ ბადალიანი აღიარებს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება ლეგიტიმურობას თანდათან კარგავს, მაგრამ საქმე კრიტიკულ მომენტამდე ჯერ არ მისულა. თავის მხრივ, ოპოზიციასაც არ შეუძლია საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ ისეთი უკმაყოფილების გამოწვევა, რომელიც ნიკოლ ფაშინიანისათვის სახიფათო იქნება. ოპოზიცია ვერ ახერხებს საზოგადოების ისეთ კონსოლიდაციას, რომელიც კრიტიკული იქნება მთავრობისათვის.

„ოპოზიცია, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ანტისამთავრობო პროტესტების ხელმძღვანელობაზე, ისეთი სახითაა წარმოდგენილი, რომელიც საზოგადოებას არ მოსწონს. ოპოზიციონერებად დღეს წინა ხელისუფლების წევრები გვევლინებიან. ასეთ სიტუაციას იქამდე მივყავართ, რომ მოსახლეობა არ ენდობა არც მთავრობას და არც ოპოზიციას. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოსახლეობის მტკიცე კონსოლიდაცია არ ხდება“, – ამბობს აკოფ ბადალიანი „დოიჩე ველესთან“ საუბარში.

„სომხეთში სახელმწიფოებრიობის კრიზისი დგება“

როგორც სომეხი პოლიტოლოგი სურენ სურენიანცი თვლის, ნიკოლ ფაშინიანისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მასშტაბები მცირდება, რასაც ქვეყანაში ხელისუფლების კრიზისის პროვოცირება მოჰყვება.

„ნიკოლ ფაშინიანს დღემდე მხარს უჭერს იმ ელექტორატის ნარჩენები, რომლებიც მისივე დანერგილი ლოგიკით მოქმედებენ – ბრძოლა ძველი ელიტების წინააღმდეგ. მაგრამ ეს ახლა უკვე არასაკმარისია, რომ ხელისუფლებამ კრიზისი თავიდან აიცილოს. ამჟამად უკვე ყალიბდება ისეთი მდგომარეობა, როცა ხელისუფლების კრიზისი სახელმწიფოებრიობის კრიზისში გადადის. ანუ დღევანდელი შიდაპოლიტიკური პოლარიზების პირობებში რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია““, – ასეთ რეზიუმეს აკეთებს სურენ სურენიანცი „დოიჩე ველესთან“ საუბარში.

წყარო