სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანია 45 დღე მიმდინარეობდა და რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, მაშინაც ვერ გავიგეთ – მისი კანდიდატობა ივანიშვილის ინიციატივა იყო, სხვა შემთხვევაში იქნებოდა პარლამენტის რიგითი წევრი – ირაკლი კობახიძე

მორალური თვალსაზრისით მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის მაშინაც არ ესმოდა, როცა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა.

„ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს. ჩვენ უშუალოდ ვიყავით ჩართული მის საპრეზიდენტო კამპანიაში, ორი თვე გრძელდებოდა მთელი ეს პროცესი, არც კი, 45 დღე და ის 45 დღეც რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, მაშინაც სამწუხაროდ ვერ გავიგეთ, თუმცა მოვახეხეთ მაინც გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. მორალური თვალსაზრისით მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა. გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა. კაცი პოლიტიკიდან არის გასული. ამას რომ დავანებოთ თავი, მორალური თვალსაზრისით რამდენიმე ფაქტორია, როდესაც განიხილებოდა კანდიდატურის საკითხი საპრეზიდენტო არჩევნებში, ინიციატივა კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს. გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში არის სიმბოლური ფიგურა, სიმბოლიზმზე გაკეთდა პირველ რიგში აქცენტი. აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ის იყო ძველი დიასპორის წარმომადგენელი და 100 წლის თავზე, 1918 წლის შემდეგ, 2018 წელს, სიმბოლურად მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ იმ დიასპორის წარმომადგენელი, შთამომავალი გახდა საქართველოს პრეზიდენტი. 2. ქალი პრეზიდენტი, ჩვენი ისტორიული ტრადიციის ერთგვარი გამოხატულება იყო, სწრაფვა ამ ტრადიციის გაგრძელებისკენ. გარდა ამისა, ევროპიდან ჩამოსული ადამიანი, რომელიც ხდება პრეზიდენტი ანუ დიასპორა, ქალი, ევროპელი – ეს იყო ის სიმბოლიზმი, რომლის საფუძველზეც, საბოლოო ჯამში, გაკეთდა აქცენტი სალომე ზურაბიშვილზე და შეჩერდა არჩევანი მის კანდიდატურაზე. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა და ეს ინიციატივა რომ არ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა პარლამენტის ერთი რიგითი წევრი. ეს მორალური მხარე რომ ავიღოთ. თვითონ შინაარსს რაც შეეხება, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერთ სიბრტყეში განიხილავს სააკაშვილს, გვარამიას და ივანიშვილს, ეს არც კი ვიცი როგორ შეიძლება შეფასდეს. ამის მიღმა უკვე ევროკავშირთან დაკავშირებით მისი შეფასებები აბსოლუტურად არარელევანტური ხდება. იმდენად მძიმეა ამ განცხადების პირველი ნაწილი, რომ მეორე ნაწილზე საერთოდ არ გავაკეთებდი კომენტარს.

პრეზიდენტს სისტემა უნდა ესმოდეს, ამ სისტემაში საშინაო და საგარეო პოლიტიკას მთლიანად ახორციელებს მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით. ეს არის სისტემა. საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, თუ არის მთავრობის საგანგებო თანხმობა, მარტო მაშინ ერევა საგარეო პოლიტიკაში. მხოლოდ მაშინ, ეს პირდაპირ წერია შავით თეთრზე კონსტიტუციაში. ეს იცის, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა უნდა იმაზე მეტი, ვიდრე კონსტიტუცია მას მიაკუთვნებს, რაც არასწორია. პრეზიდენტი, პირველ რიგში, უნდა გაყვეს კონსტიტუციას და იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად. რაც შეეხება ანალიზს, მე მგონია, რომ ის უბრალოდ არასწორ ანალიზს აკეთებს. ამ ნაწილში აბსოლუტურად რბილი შეფასებაა, როცა შეეხება სააკაშვილის, გვარამიას და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში განხილვას, ამაზე მეტად არ მინდა მასთან შევიდე პოლემიკაში, არც არის საჭირო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.