ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სამარცხვინოა და ქვეყნის ბედი კონკრეტულ პერსონებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაყვეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციის სახით, გუშინდელი განცხადებები ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაყვეს ქვეყნის ბედი კონკრეტულ პერსონებს. ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ რეზოლუციის სახით, იყო აბსოლუტურად სამარცხვინო. ეს იყო ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა. მარტივი ენით რომ ვთქვათ, რას გვეუბნებოდნენ ამ რეზოლუციაში: თითქოს, მიხეილ სააკაშვილი გახლდათ დემოკრატიის შუქურა. მერე რა, თუ ის იყო მთავარი შემოქმედი იმისა, რომ წლების განმავლობაში, ადამიანები გამოჰყავდათ ციხიდან და ავტომობილის „კაპოტზე“ დაბმულს აუპატიურებდნენ. მერე რა?! ის იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, გვეუბნებიან: მერე რა, რომ ციხიდან ადამიანები გამოჰყავდათ, ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ტელევიზიებში ვარდებოდნენ. ეს იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, დავით კეზერაშვილზე იყო იქ საუბარი. დავით კეზერაშვილი ვინ არის, რას წარმოადგენს, ნიკა მელიას ციტატა მოიყვანეთ და მეტი არაფერია საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, არ ეთანხმება.
„ძალიან სამწუხაროა ეს განცხადებები და ის, რომ ქვეყანა უნდა დაიჩაგროს იმისთვის, რომ ომში არ ჩაერთო. ასევე, მოვისმინეთ: ადამიანი, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, როგორც ქველმოქმედი, როგორც მეცენატი – მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, ჯარისთვის ნატო-ს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სკოლების რეაბილიტაცია – ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ის ცუდი კაცია. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, პირადად მე არ ვეთანხმები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.