ევროპული ღირებულებები საქართველოს მიერ არჩეული მრავალსაუკუნოვანი გზაა – ლევან ჟორჟოლიანი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხშირად ფაქტობრივი უზუსტობები ხვდება ასეთ დოკუმენტებში. მან შესაბამისი მაგალითიც მოიყვანა საქართველოს საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგაციის სტრასბურგში ვიზიტის დროს, როდესაც ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინა. 

„ამ ანგარიშში მოხვედრილი იყო ტერმინი: „საქართველოში არჩევნების პერიოდში ჩამოვიდა ქვეყნიდან გაძევებული ყოფილი პრეზიდენტი“. როდესაც მე მივმართე ანგარიშის მომხსენებელს, თუ რას ნიშნავს სიტყვა „გაძევებული“, არავის უთქვამს სააკაშვილისთვის, რომ უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ასევე მივუთითე, რომ ეს ტერმინი აუცილებლად გააღრმავებდა პოლარიზაციას საქართველოში. ამაზე მიპასუხეს, რომ აპარატს გაეპარა შეცდომა. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება ისეთი ტერმინების შემოტანა  და მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშში, რომელიც მერე საქართველოში დიდი დებატების საგანი ხდება. ხშირ შემთხვევაში ის ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებიც ფაქტია რომ მიიღეს, ქმნის კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციის წყაროს ამ ქვეყანაში,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. 

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა,რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები საქართველოს მიერ არჩეული მრავალსაუკუნოვანი გზაა.

„ყველამ ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის არის მათ შორის ევროპის პოლიტიკური პასუხი იმ საშინელი აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთმა გამოავლინა და ომი დაიწყო ევროპაში 21-ე საუკუნეში. ყველა ხომ ძალიან კარგად ვხვდებით, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება არის პოლიტიკური აქტი ევროპის მხრიდან. ამით ევროპა აგრესორ ქვეყანას ეუბნება, რომ უპირობოდ მხარს გვიჭერს. ეს მნიშვნელოვანი მოლოდინი ჩამოვკიდოთ იმაზე, თუ ვინ რა თქვა, ცოტა არასერიოზული მგონია. მაგრამ სერიოზულია ძალიან, რომ ამ მიზნისკენ გზაზე, ყველანი ვიყოთ ერთიანნი და ყველანი ვემსახუროთ იმ დიად მიზანს, რასაც ქვია ამ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა და ბედნიერება,“- დასძინა ლევან ჟორჟოლიანმა.