თბილისის საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის – „უკრაინულ-ქართული პრესისა და წიგნის სახლი“ ინიციატივით, ასევე საქართველოში უკრაინის საელჩოს თანადგომით, საკრებულოში უკრაინელი ლტოლვილი ბავშვების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ნინო რუხაძემ, უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, უკრაინული თემის წარმომადგენელმა და 41-ე საჯარო სკოლის უკრაინული სექტორის ხელმძღვანელმა. საქველმოქმედო აქციას საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
ხარკოვიდან ლტოლვილი მხატვრის, ვერონიკა მიშინას მიერ დაარსებული არაფორმალური ორგანიზაციის – “Give a Smile” ინიციატივით, 1 ივნისს ჩატარდა ბავშვთა ნახატების გამოფენა “ჩემი მომავალი”, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 100-მდე საბავშვო ნამუშევარი იმ ბავშვების გრძნობებს გამოხატავს, რომლებმაც ომი გამოიარეს. აღნიშნული ნამუშევრები დღეს, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამოიფინა.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო მხატვარ ელვირა ბელიცას ინსტალაცია – “წეროები გაფრინდნენ”. ინსტალაცია უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ბავშვებს ეძღვნება.
აქციის ფარგლებში, დამსწრეებს ბავშვების მიერ შექმნილი სუვენირების, ნაქარგი პერანგების და ხელნაკეთი ნივთების შეძენის საშუალება ჰქონდათ. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სუვენირები თბილისის საკრებულოს წევრებმაც შეიძინეს, შეგროვებული თანხა უკრაინელი ბავშვების საჭიროებებს მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოში უკრაინულ თემთან თანამშრომლობით შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებისა და თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის მიზნით აქტიურად მუშაობს.