“რუსეთმა უნდა გაიგოს, სად არის მისი საზღვრები”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ლიეტუველ კოლეგას, გიტანას ნაუსედას ერთობლივ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა, რათა ლიეტუვა მუდმივად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„მადლობას მოგახსენებთ მასპინძლობისთვის. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, უკვე მესამედ ვიმყოფები ლიეტუვაში. მეორე ოფიციალური ვიზიტი არის დღეს ვილნიუსში, რაც საქართველო-ლიეტუვის მეგობრობისა და პარტნიორობის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. ჩვენი ორი ქვეყნის ისტორია გუშინ არ დაწყებულა და გავლილი გვაქვს არაერთი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. რამდენიმე დღეში საქართველოში გავიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს, მაგრამ ასევე არ გვავიწყდება 1989 წლის 23 აგვისტო, ბალტიის გზა, რომელიც აგრეთვე ასახავდა თქვენი ხალხის მიდრეკილებას და მისწრაფებას, ეს დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ, და მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მოვიპოვეთ თავისუფლება, მოვიპოვეთ საშუალება, რომ გვევლო ევროპულ გზაზე. ამ გზაზე, სადაც, ბატონო პრეზიდენტო, თქვენმა ქვეყანამ ჩვენზე ადრე მიაღწია შედეგს და მიზანს. თქვენი ქვეყანა მუდმივად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მინდა, ამისთვის საქართველოს მოსახლეობის და მთლიანად საქართველოს დიდი მადლიერება გამოვხატო. სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს, გულწრფელად, პარტნიორულად და მომავალი მხარდაჭერის იმედით ვისაუბროთ ერთად, ყველა საკითხზე ვნახოთ, როგორ შეიძლება იყოს ერთობლივი გზა, რადგან საქართველოს არ შეიძლება, ჰქონდეს მომავალი მეგობრების გარეშე, იმ ქვეყნების გარეშე, რომლებსაც გავლილი აქვთ ეს ძალიან რთული გზა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო და მთლიანად ევროპა.

„უკვე ერთ წელზე მეტია, რუსეთის უსასტიკესი აგრესია დაიწყო და მიმდინარეობს უკრაინაში ომი, რამაც იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე. ბუჩა, მარიუპოლი, ირპინი, ბახმუტი, ხერსონი – ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ სისასტიკისა, აგრესიის, ამავე დროს, შეუპოვარი გამძლეობის, რაც გვაჩვენა უკრაინელმა ხალხმა. მინდა, დღეს აქედანაც გამოვხატო საქართველოსა და ჩვენი ხალხის სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინისადმი. მეგობარი უკრაინისადმი, რომელმაც ასევე ჩვენსავით გაიარა რთული და მძიმე წარსული, რაც გვაერთიანებს. ამ ომმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ვერც ჩვენთან 1992-93 წელს რუსულმა აგრესიამ, ვერც ყირიმში 2014 წელს, ვერც 2008 წელს კიდევ ერთხელ საქართველოში რუსეთის აგრესიამ და იმპერიალისტური ამბიციების ჩვენებამ. გამოაჩინა მთელი ევროპისთვის ნამდვილი სახე, რაც არის რუსეთის სახე და დაანახა ეს სახე მსოფლიოს. ეს არის პირველი და უდიდესი მიღწევა უკრაინელი ხალხის ბრძოლისა. ისტორიას უკან ვერ დავაბრუნებთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოში ან 2014 წლის ყირიმის აგრესიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას რომ მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული დღევანდელი მძიმე აგრესია. მახსოვს თქვენი ქვეყნის თანადგომა და მხარდაჭერა 2008 წლის აგრესიის და ომის შემდგომ, მაგრამ ეს არ იყო ევროპის ერთიანობა, რომელიც იმ დროს ალბათ დაგვაკლდა. დღეს, ამ ომის შედეგად მსოფლიო იყოფა რეალურად ორ ბანაკად, საზოგადოება იყოფა ორ ბანაკად, ვისაც სჯერა, რომ უძლეველი არავინ არ არის, დაუმარცხებელი არავინ არ არის და სჯერა, რომ უკრაინამ უკვე ერთგვარად გაიმარჯვა. გაიმარჯვა მორალურად, გაიმარჯვა, რადგან რუსეთმა ვერ მიაღწია ომის მიზნებს, გაიმარჯვა იმიტომ, რომ რეალურად დაიცავს ბოლომდე თავის ტერიტორიას.

ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა დადგება სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო, რაც უკრაინის და მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტი იქნება, რუსეთმა უნდა გაიგოს, სად არის მისი საზღვრები. ეს უნდა იყოს ყველას ერთიანი მიზანი, რომ რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდეს თავის ტერიტორიას და შეწყვიტოს სხვა ქვეყნების, მეზობლების ტერიტორიების ოკუპირება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.