რა ხდება უკრაინაში ომის 412-ე დღეს

რუსეთ-უკრაინის ომის 412 -ე დღე

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 179 320-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 500 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 644 ტანკს, 7 038 ჯავშანტექნიკას, 2 765 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 620 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 298 უპილოტო საფრენ აპარატს, 316 ერთეულ სპეცტექნიკას და 911 ფრთოსან რაკეტას.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. ჩვენმა დამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებებით, მტრის 52 შეტევა მოიგერიეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 39 საჰაერო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის ოთხი S-300 ტიპის ზაპლური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან მშვიდობიან ქალაქ კრამატორსკზე. ამასთან, რუსებმა უკრაინის ჯარების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 47-ჯერ გახსნეს.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას და ცდილობს ქალაქ ბახმუტზე კონტროლის მოპოვებას, ბრძოლა გრძელდება. სასტიკი ბრძოლებო გრძელდება ქალაქებისთვის, ავდიივკასა და მარინკასთვისაც.

გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალების ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღის განმავლობაში ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს 8 დარტყმა მიაყენა. ამასთან, უკრაინელებმა რუსების კუთვნილი „მი-24“ ტიპის ვერტმფრენი, ასევე 9 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

„თავის მხრივ, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიას და მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი იმ უცხოელ მფრინავებს, რომლებსაც F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვა შეუძლიათ, უკრაინის დასაცავად იწვევს.

კერძოდ, თავდაცვის მინისტრი უცხოელ სპეციალისტებს, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ უცხოური ტექნიკის გამოყენება, აქვთ შესაბამისი ნებართვები და დოკუმენტებზე წვდომა, უკრაინაში სამუშაოდ ჩასვლას სთავაზობს.

„ეს ასევე ეხება პილოტებს. თუ არსებობენ მფრინავები, რომლებმაც F-16-ის მართვა იციან და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ (ომში), უცხოური ლეგიონი მზადაა, კარის გააღოს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლა მოხდა, რის შედეგადაც 100 უკრაინელი დაბრუნდა სახლში. 80 მათგანი კაცია, ხოლო 20 ქალი.

ერმაკის თქმით, მათ შორის იყვნენ სამხედროები, მეზღვაურები, მესაზღვრეები და ეროვნული გვარდიის სამხედროები.

გარდა ამისა, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, გათავისუფლებულთა შორის არიან “მარიუპოლის, აზოვსტალისა და ჰოსტომელის დამცველები”.

უკრაინული მხარის ცნობითვე, გათავისუფლებული პატიმრების თითქმის ნახევარს სერიოზული დაზიანებები, დაავადებები ან წამების კვალი აქვთ. ამასთან, გათავისუფლებული დამცველებიდან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, დღეს კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 106 რუსი სამხედროს ტყვე დააბრუნეს.

შოიგუს უწყების ცნობით, ისინი მოსკოვში გადაფრინდებიან და სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ.

უკრაინა აგრძელებს მუშაობას რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„კარგი ამბავი ტყვეების გაცვლაზე მომუშავე ჩვენი გუნდისგან. შევძელით უკრაინის დამცველი კიდევ 100 ქალისა და მამაკაცის სახლში დაბრუნება. 80 მამაკაცისა და 20 ქალის. ისინი არიან სამხედრო მოსამსახურეები, მესაზღვრეები, სამხედრო-საზღვაო ძალების მეომრები, ეროვნული გვარდიის წევრები. მათ შორის არიან „აზოვსტალის“ დამცველები. ეს არის ასი ოჯახი, რომლებმაც აღდგომის წინ ნამდვილი სიხარული მიიღეს. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ყველა ჩვენიანი დავაბრუნოთ რუსული ტყვეობიდან. გვახსოვს თითოეული და დავაბრუნებთ!“ – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართულია უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნების სამუშაოში. ასევე, მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ზრუნავს ტყვეობიდან გათავისუფლებულთა მკურნალობასა და ადაპტაციაზე.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას გამარჯვების მოახლოებაში.

„ყველაფერი, რაც აძლიერებს უკრაინის რუსული ტერორისგან დაცვას, ყველაფერი, რაც ჩვენს მეომრებს მეტ შესაძლებლობას აძლევს აქტიური მოძრაობისთვის, ყველაფერი ეს იცავს თითოეულ ადამიანს პარტნიორ ქვეყანაშიც, ევროპაში, თითოეულს მსოფლიოში. ტერმინი „მარცხი“ უნდა გახდეს ტერმინ „აგრესორის“ თანამგზავრი. ამას უზრუნველყოფს მხოლოდ უკრაინის გამარჯვება… უკრაინისთვის ბრძოლის მოგება ნიშნავს საკუთარი თავისთვის ბრძოლის მოგებას. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. განსაკუთრებით მათ, ვინც ცდილობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის მოგებას და სულაც არა მოწინავე ხაზზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.