ოპოზიციაც და ხელისუფლებაც,  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოზე თავად ევროპამ თქვას უარი – სანდრო ბრეგაძე

არ მგონია, საქართველოს ჰყავდეს ისეთი მტკიცე ხელისუფლება, მან გაუძლოს რუსეთის ზეწოლას. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე და ევროპაში მიმდინარე პროცესები ისე დამთავრდეს, როგორც ეს საქართველოს ინტერესებს შეესაბამება, – განაცხადა “ქართული მარშის” ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, გადაცემაში “დროული დიალოგი”.

“ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე არაფერი გააკეთა საერთოდ. საქართველოს ხელისუფლება, თავისი ქმედებებით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თვითონ ევროპამ თქვას ჩვენზე უარი. ეს შეგნებულად ხდება თუ შეუგნებლად, ამის ექსპერტი ვერ ვიქნები, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ორივე მხარე, ლიბერალური ოპოზიციაც და ხელისუფლებაც,  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოზე თავად ევროპამ თქვას უარი. ხელისუფლების ეს პოზიცია კიდევ გასაგებია, რადგან ის ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის რუსეთისგან. რუსეთს აქვს თავისი ინტერესი, მან ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ევროინტეგრაციით, მისი გავლენები საგრძნობლად შემცირდება და აქედან გამომდინარე, ისინი ზეწოლას ახორციელებენ ხელისუფლებაზე. მე არ მგონია, საქართველოს ჰყავდეს ისეთი მტკიცე ხელისუფლება, მან გაუძლოს რუსეთის ზეწოლას. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე და ევროპაში მიმდინარე პროცესები ისე დამთავრდეს, როგორც ეს საქართველოს ინტერესებს შეესაბამება”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.