საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს ინგოროყვას კლინიკაში ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ. სარჯველაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„პირველ რიგში, მინდა, თანავუგრძნო გარდაცვლილების ოჯახებს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს. შემსწრე ვართ უზარმაზარი ტრაგედიის. რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, ნორმალური და დამაკმაყოფილებელია. კვლავ მიმდინარეობს დაკვირვება, უტარდებათ ყველა საჭირო პროცედურა, უკლებლივ ყველაფერი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არც არავითარი გართულება აღარ გამოვლინდება. შესაბამისად, ახლო მომავალში ისინი ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დამწვრობის ცენტრში მყოფი 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

„ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც მძიმეა, თუმცა ყველაფერს აკეთებენ ექიმები მის გადასარჩენად. აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილია, თუმცა ახლა მხოლოდ ამ ყველაფრის გაკეთებაზე, შეიძლება, არ იყოს დამოკიდებული სიცოცხლის გადარჩენა. ვაკვირდებით, უტარდება ყველაფერი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.