28 ოჯახი, 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი, შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემები არ შეექმნათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, აუცილებელი მოხდება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება.
„საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაშავებულებს, ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო მათ და იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან.
როგორც გუშინ მოგახსენეთ, 28 ოჯახი, 143 ადამიანი დაკმაყოფილებულია, დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემები არ შეექმნათ. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას, აუცილებელი მოხდება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ, თუ ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენლებს, ზოგადად, მედიკოსებს, ყველას მადლობა გადავუხადო. მადლობა სახანძრო სამაშველო ჯგუფს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომლებიც ამ მძიმე დროს ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ადამიანების სიცოცხლე შენარჩუნებულიყო", - აღნიშნა კახა კალაძემ.



