მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობენ. მიხარია, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკაში განუცხადა.

 

კობახიძის თქმით, ტრაგედიის შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვნის მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგები ჩაერთნენ.

 

„მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობენ. მიხარია, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათზე ზრუნავენ ექიმები, მათ მადლობას გადავუხდი. ასევე, ბავშვებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.