ხელამდე მივაღწიეთ და ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა. 8 საათის განმავლობაში მუჭში ჰქონდა მოქცეული. როცა ის გამოვართვით, ხელი მოვუჭირეთ და დავუძახეთ, რომ [ჩვენთვის] ხელი მოეჭირა, თუ ჩვენი ხმა ესმოდა. როცა ხელი მოგვიჭირა, სწორედ ამის შემდეგ მივხვდით, რომ კონტაქტური იყო, -  განაცხადა გადაცემაში "იმედის დღე" მეხანძრე-მაშველმა გაგა გიგაშვილმა, რომელმაც 19 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 3 წლის თაია გადაარჩინა.


"დაახლოებით კორპუსის სამი სართულის ნანგრევები ეყარა ბავშვს თავზე - ფილები, სინკარები, ხის მასალა. როდესაც მივედით, მხოლოდ და მხოლოდ მისი ფეხი ჩანდა. როდესაც ხელი მოვკიდეთ, ფეხი ოდნავ გაამოძრავა და ამის შემდეგ უკვე ის ემოცია ვეღარ დავმალეთ. იქ ჩანს კიდეც კადრებში ჩვენი სიტყვები და შეძახილები, რომ ფეხი გაამოძრავა და 8 საათის შემდეგ ცოცხალი ადამიანი ვიპოვეთ. მით უმეტეს, ბავშვი ვიპოვეთ. შემდეგ, როდესაც ფეხი რაღაც მომენტში აღარ გაამოძრავა, ხელამდე მივაღწიეთ და ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა. 8 საათის განმავლობაში მუჭში ჰქონდა მოქცეული და როცა ის გამოვართვით, ხელი მოვუჭირეთ და დავუძახეთ, რომ ხელი მოეჭირა, თუ ჩვენი ხმა ესმოდა. როცა ხელი მოგვიჭირა, აი, მაგის შემდეგ მივხვდით, რომ კონტაქტური იყო", - აღნიშნა გიგაშვილმა.


ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად ხუთსართულიანი კორპუსის ნგრევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ორი ბავშვი.


ძებნა-შველის ოპერაციები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. ნანგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ 3 წლისა და 9 თვის თაია გამოიყვანეს.