როდესაც ოცნებობ იმაზე, რომ დაისაჯოს შენი ქვეყანა და არა მარტო ოცნებობ, ამისათვის ცდილობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს არის ღალატის ძალიან მკაფიო გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი რადიკალური ოპოზიციის საქმიანობა თავისი არსით არის არაკონსტიტუციური, არის მტრული საკუთარი ქვეყნის მიმართ, ემსახურება კონსტიტუციური წყობილების შეცვლას.
პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქციების იანვრამდე გადაწევის გადაწყვეტილებას შეეხებოდა.
„ეს ადამიანები ვერ მალავენ საკუთარ მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ და ეს განცხადებაც არის ამისი მორიგი გამოხატულება. როდესაც ოცნებობ იმაზე, რომ დაისაჯოს შენი ქვეყანა, და არა მარტო ოცნებობ, ამისათვის ცდილობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს არის ღალატის ძალიან მკაფიო გამოხატულება. ასეთი განცხადებები დამატებით დაგვეხმარება ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც წარვადგენთ ჩვენს სარჩელს ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. მთელი მათი საქმიანობა თავისი არსით არის არაკონსტიტუციური, არის მტრული საკუთარი ქვეყნის მიმართ, ემსახურება კონსტიტუციური წყობილების შეცვლას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ასეთი განცხადებები დამატებით დახმარებას გაგვიწევს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



