მიხეილ სააკაშვილი თანხმდება ყველა სერვისის მიღებას – შალვა პაპუაშვილი

როცა კი რამე სერვისი საჭირო იყო, მიხეილ სააკაშვილს ყველა სერვისი მიეწოდებოდა. მისმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ იყო სერვისები, რომელზეც ის თავად ამბობდა უარს და ამით გარკვეულწილად თავად იყენებდა ზიანს. ახლა ვხედავთ, რომ თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს და განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „თუკი ექსპერტები ჩათვლიან, რომ აქ მიხეილ სააკაშვილის საჭირო მკურნალობის საშუალება არ არის, მაშინ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რასაც უნდა უპასუხოს, ან სხვაგან გაყვანით ან ვიღაცის ჩამოყვანით“.

„მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებით არის ორი განზომილება. ერთი, მიხეილ სააკაშვილმა დადასტურებულად ჩაიდინა ორი დანაშაული. ეს არის სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმე, ეს არის დადასტურებული. არავის ამ ქვეყანაში ეჭვი არ ეპარება ამ საკითხში, თუკი, ის მიკერძოებული არ არის. შესაბამისად, დანაშაულის გამო სასჯელი ყველა ადამიანმა უნდა მოიხადოს. სხვათა შორის, ამ ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდები, მეტ-ნაკლებად ყველა ამ მომენტს შეეგუა. მეორე, ეს გახლავთ პატიმრის ჯანმრთელობის საკითხი, ისევე, როგორც დანარჩენი 9000-ზე მეტი პატიმრისა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაშია, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება, რომელიც საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. სხვათა შორის, თუკი, დავაკვირდებით საერთო ჯამში ამ პროცესს, როცა კი რამე სერვისი საჭირო იყო, ყველა სერვისი მიეწოდებოდა მიხეილ სააკაშვილს. მისმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ იყო სერვისები, რომელზეც ის თავად ამბობდა უარს და ამით გარკვეულწილად თავად იყენებდა ზიანს, რადგან ამ სერვისებზე უარს ამბობდა. ახლა ვხედავთ, რომ ის როგორც ჩანს, თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა თუ მკურნალობა. ამიტომ, არის ეს ორი განზომილება და ამ ორ განზომილებაში უნდა ვუყუროთ. ერთი, ეს გახლავთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, რომ სასჯელი უნდა იქნას მოხდილი და განსაკუთრებით, რომელიც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მეორე, მისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს მიწოდებული და ამას ახერხებს სწორედ სასჯელაღსრულება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.