“მე ლაზარეს გავუწიე პირველადი დახმარება”- თვითმხილველი ექიმი

თვითმხილველი ექიმი მეგი ბანცაძე, რომელმაც გადარჩენილ 13 წლის მოზარდს პირველადი დახმარება გაუწია, ამბობს, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა, ორი მოზარდი უკვე წყლიდან იყო ამოყვანილი.

მისი თქმით, როდესაც ერთ-ერთი მოზარდის გულის მასაჟის შედეგად პულსი გაჩნდა, იგი სასწრაფოს მანქანაში გადაიყვანეს.

„როდესაც ადგილზე მივედი, გოგონა და ბიჭი უკვე ამოყვანილი იყვნენ. მე უშუალოდ ლაზარესთან აღმოვჩნდი ახლოს. გოგონა ჩემგან ცოტა შორს იყო. ლაზარეს გავუწიე პირველადი დახმარება. გულის მასაჟი გავუკეთე. ჩემთან ასევე იყო ერთი მამაკაცი, რომელიც მეხმარებოდა. რომ მივიღე პულსი და ყურებიდან სიწითლე წამოვიდა, უკვე სასწრაფოს მანქანაში ჩავსვით და იმედიანად გავუშვით“, – განაცხადა მეგი ბანცაძემ.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.