კობა კობალაძემ ჯოსეფ ბილბოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ახლად დანიშნულ ატაშესთან, ჯოსეფ ბილბოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

კობა კობალაძემ, სტუმარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა, სტრატეგიული გეგმები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა სოციალურ და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებსაც სამსახური, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის პირობების გასაუმჯობესებლად ახორციელებს.

საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომლებიც უწყების, სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუციებისა და კერძო სექტორის თანადგომის მიუხედავად, სამსახურის წინაშე ჯერ კიდევ დგას და რომელთა დასაძლევადაც, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

კობა კობალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის განსაკუთრებული ძალისხმევა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და სახელმწიფოებრივ განვითარებაში.

მან, ასევე, მადლიერება გამოხატა საქართველოში ამერიკის საელჩოს მიმართ, ვეტერანთა ჰოსპიტალის სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფისთვის. თავის მხრივ, ჯოსეფ ბილბომ მზადყოფნა გამოთქვა ერთობლივი, ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი, მაიორი დანიელ სეკულა.