“არავის სჯეროდა, რომ სოხუმი მოკვდებოდა”- კახა კვაშილავა

“29 წლის წინ, დღევანდელ დღეს, სოხუმსა, სოხუმლებს, გულრიფშელებს არ სჯეროდათ, რომ მხოლოდ 24 საათი დარჩენოდათ საკუთარი მძიმე შრომით აგებულ თუ შეძენილ, ნალოლიავებ ეზო-კარსა თუ ბინებში ცხოვრებისათვის”- წერს სოციალურ ქსელში  წერს  ისტორიის დოქტორი,ასოცირებული პროფესორი,  კახა კვაშილავა.
 
“იყვნენ ისეთებიც თბილისის რეისის თვითმფრინავის ტრამპზე ერთმანეთს რომ ასწრებდნენ არბენას და ამ სირბილში ერთმანეთსაც დაუნდობლად თელავდნენ. მე ვარ ამის მომსწრე. მახსოვს, იმ თვითმფრინავს, რომლითაც ჭურვები და ტყვია-წამალი ჩამოიტანეს, ბიჭები ცლიდნენ და ამ დროს ქვემოდან გამქცევები ღრიალებდნენ, ჩქარა, ჩქარა დაცალეთ, სანამ გუდაუთიდან არ აუფეთქებიათ ეს თვითმფრინავიო.
 
რა საზიზღარი მოსასმენი იყო. გულის ამრევი. თან ჯან-ღონიანი მამაკაცი ღრიალებდა ყველაზე ხმამაღლა. ერთმა ჯარისკაცმა ვერ მოითმინა, ავტომატს დამცავი მოხსნა და შუბლთან მიუბჯინა. ქალები რომ არ გადაფარებოდნენ, თბილისში ვეღარ ჩამოფრინდებოდა „ვაჟკაცი“, მაგრამ მერე ასფალტზე, მის ფეხებთან კი გაუხსნა ცეცხლი ჯარისკაცმა. ყველას ეზიზღებოდა ის მამაკაცი და არავინ კიცხავდა 20 წლის გულრიფშელ ბიჭს.
 
შემდეგ სწორედ ის კაცი ეზიდებოდა ტყვია-წამალს თვითმფრინავიდან სატვირთო მანქანისაკენ.
 
მწარე ტირილი მახსოვს ბიჭების, „ტრუსიკის“ მეგობარი რომ დაეღუპათ.
 
სოხუმლებს და გულრიფშელებს არ სჯეროდათ, რომ კვდებოდნენ. ელოდნენ ლოთი ქობალიას, როგორც მესიას. საათს აკვირდებოდნენ, აი, ახლა გადმოვა კოდორს, აი, ახლა. ან გამვლელს ეკითხებოდნენ, რა ისმის, მოდის ლოთიო?…
 
სოხუმის მთაზე მტერი იყო ჩამალული და სიმაღლიდან კლავდა ქალაქს.
 
უიარაღოდ დარჩენილ სოხუმისა და გულრიფშისათვის ალყა შემოერტყათ.
 
ლოთი ხსნა იყო, რომელიც არ მოვიდა.
 
კოდორის პირას მყოფთაგან კი ამბები მოდიოდა, როგორ გადათელა მტერმა კინდღი.
 
არავინ იცოდა, რა იყო გაგონილში მართალი, რა – არა. გრძნობდნენ, რომ სიკვდილი, როგორც სახრჩობელას ყულფი, სოხუმისა და გულრიფშის ყელზე შემოხვეოდა.
 
ყველა ლოთს ელოდა…
 
არავის სჯეროდა, რომ სოხუმი მოკვდებოდა.
 
სოხუმი კი კედელთან იყო მიყენებული და მტერს მისი დახვრეტა უკვე გადაეწყვიტა, სოხუმის ქართულობისთვის, სოხუმელთა გმირობისთვის, სოხუმის უდრეკი შემართებისთვის.
 
სისხლისგან დაცლილი სოხუმი ეცემოდა, ბოლო სუნთქვა-ღა ჰქონდა დარჩენილი.
 
მხოლოდ უკრაინელი მებრძოლები დადგნენ მოძმე ქართველებთან სოხუმის გადასარჩენად, მხოლოდ უკრაინელი მეზღვაურები და მფრინავები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ცდილობდნენ მოსაკლავად განწირული ქართველების სამშვიდობოს გაყვანას…
კვდებოდა ულამაზესი სოხუმი, რომელსაც ომი არ უყვარდა, რომელსაც ზღვა უყვარდა, ყავა უყვარდა ზღვიდან იოდისნარევ ბრიზში მირთმეული, სოხუმს იუმორი უყვარდა, ქალაქურ-ზღვაური.
 
მალე, სულ მალე, რამდენიმე საათში ყველაფერი გაწითლდება, მაგრამ ეს წითელი არ იქნება ბროწეულის მწიფობა, ეს არ იქნება სოხუმელ მანდილოსანთა ლალისფერი კაბები, ეს სისხლი იქნება, მოკლულ და ქუჩაში მიგდებულ ქართველთა სისხლი იქნება.
„და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თჳსისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თჳსისა, და მოკლა იგი.
 
და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?
და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით.
 
და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა.
რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა“ (დაბადება, 4:8-12). – წერს სოციალურ ქსელში  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ისტორიის დოქტორი,ასოცირებული პროფესორი,  კახა კვაშილავა.