ირკუტსკის ოლქში, სამხედრო აღრიცხვის ოფისში, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

ირკუტსკის ოლქის უსტ-ილიმსკის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში სროლა იყო, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებმა, 25 წლის რუსლან ზინინმა, რომლის მობილიზება დღეს უნდა განხორციელებულიყო, სამხედრო კომისარი დაჭრა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლის გახსნამდე დაიძახა : „არავინ არსად არ წავა“.
სამხედრო აღრიცხვის ოფისში სროლის შესახებ ინფორმაცია რეგიონის გუბერნატორმა, იგორ კობზევმაც დაადასტურა. მისი თქმით, სროლა ახალგაზრდამ მოაწყო, თუმცა მისი ვინაობა არ დაასახელა.

გუბერანტორის თქმით, დაიჭრა სამხედრო კომისარი ალექსანდრე ელისეევი, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„გავეცი განკარგულება უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ. ყველას ვთხოვ შეინარჩუნონ სიმშვიდე“, – განაცხადა გუბერნატორმა.

მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ცნობისთვის, 21 სექტემბრიდან რუსეთში, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.