“ირანმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს”- ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ ირანმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის, პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის  გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. როგორც ებრაჰიმ რაისი განცხადებაში აღნიშნავს, ირანმა უნდა იმოქმედოს გადამწყვეტად მათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მოხდეს პროტესტის და საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დარღვევის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ამასთან, ებრაჰიმ რაისმა მიმდინარე დემონსტრაციებს ამბოხება უწოდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ირანის რევოლუციურმა ჯარმა საარტილერიო დანადგარებით დაბომბეს ჩრდილოეთ ერაყის ქურთისტანის რეგიონი, სადაც თეირანის ცნობით, თავს აფარებენ ქურთი დისიდენტები, რომლებიც მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობენ.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები ირანის ჩრდილო-დასავლეთით ერთი კვირის წინ დაიწყო, როდესაც ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის, პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი კომაში ჩავარდა და მოგვიანებით გარდაიცვალა. ამ დროისთვის საპროტესტო აქციები ირანის 31 პროვინციაში იმართება. სხვადასხვა ქალაქებში იყო დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებასაც, რომლის შედეგად, ამ დროისთვის სულ მცირე 35 ადამიანია გარდაცვლილი.