გიორგი ჩაკვეტაძემ „პნევმატური იარაღით სროლაში სასკოლო ლიგა 2022“-ის ფინალის გამარჯვებულები დააჯილდოვა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში „პნევმატური იარაღით სროლაში სასკოლო ლიგა 2022“-ის ფინალი და დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება თბილისის მერიის, საქართველოს სროლის ფედერაციისა და სააფთიაქო ქსელის „პსპ’’ მხარდაჭერით და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით ჩატარდა. 

ნომინაციებში გამარჯვებულები თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ დააჯილდოვა და ახალგაზრდა სპორტსმენებს მომავალში წარმატებები უსურვა.

 „მინდა მოგილოცოთ მიღწეული შედეგი და წარმატებები გისურვოთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სპორტის მხარდაჭერა ჩვენს ქალაქში მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს. ამისთვის ძალიან ბევრ სპორტულ ობიექტს ვაშენებთ, ბევრ სტადიონს, სპორტულ ცენტრს, აუზს, ყველაფერს იმას, რაც სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის და ყველა მათგანისათვის არის განკუთვნილი ვისაც სპორტში ჩართვის სურვილი აქვს. ეს ტურნირი 2019 წელს დავიწყეთ და ამ დიდ საქმეში განუზომელია თბილისის მერიის და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერა, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ. 

საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ფინალში გამარჯვებულები საკრებულოს წევრმა მარიამ ზაქარიაშვილმა, ასოციაციის პრეზიდენტმა ანზორ გოგოლაძემ და სროლის სახეობათა ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. 

პნევმატური იარაღით სროლაში, სასკოლო ტურნირი წელს, სატესტო რეჟიმში, პირველად გაიმართა და მასში თბილისის 16 საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. 

პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის და პნევმატური იარაღით სროლის სახეობის პოპულარიზაციაა. ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში 2019 წელს, სასკოლო ლიგა მინი ფეხბურთში დააფუძნა, ხოლო 2022 წელს მინი ფეხბურთს, ტურნირები ხელბურთსა და პნევმატური იარაღით სროლაში დაემატა. ტურნირები სასკოლო და საუნივერსიტეტო ჩემპიონატების სისტემის ჩამოყალიბებას და ერთიანი პლატფორმის ქვეშ გაერთიანებას ემსახურება და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით, დღემდე, წარმატებით ხორციელდება. 

ფინალურ მატჩს თბილისის საკრებულოსა და მერიის, საქართველოს სროლის ფედერაციის, სააფთიაქო ქსელის „პსპ’’ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *