ათეასა და სახელმწიფო პარტნიორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

სასტუმრო “ბილტმორში” საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონფერენცია  „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ გაიმართა.  ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ასევე ათეასა (ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია)  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის ორი მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმებს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა  ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა გიორგი ტყემალაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა  ნიკო თათულაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ  მოაწერეს. 

მემორანდუმების თანახმად, მხარეები აღმასრულებელ და ადგილობრივ  ხელისუფლებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ თანხმდებიან. ამასთან, გაფორმებული მემორანდუმები ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური მექანიზმების გაუმჯობესებასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას, ეფექტიან საქმიანობას, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმების განხორციელების პროცესის გაღრმავებას, ასევე მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში ადამიანური რესურსების გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

ამას გარდა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და სახელმწიფო პარტნიორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები გენდერული ბიუჯეტირების საკითხებსაც  ითვალისწინებს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *