რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

უკრაინაში რუსული აგრესიის მთავარ სამიზნედ, ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა რჩება. საოკუპაციო ძალების მიერ ზაპოროჟიეზე მიტანილ სარაკეტო იერიშს, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს, ხანძარი გაუჩნდა.

რეგიონის მმართველობა მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს. განგაშის სიგნალი ღამის განმავლობაში დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, პოლტავისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებშიც ისმოდა. ვრცელდება ცნობები ხერსონის ოლქში აფეთქებების შესახებ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები ათ დასახლებულ პუნქტთან მოიგერია.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია მობილიზებულია ბახმუტის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად და ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიცია ავდეევკის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით. ღამით რუსმა სამხედროებმა მძიმე არტილერიით დაბომბეს ნიკოპოლი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი. თავის მხრივ, უკრაინის არმიამ შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს მიმართულებით.

უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლული და დაჭრილია 250-ზე მეტი რუსი სამხედრო. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 12 დარტყმა განახორციელეს რუსი სამხედროების კონცენტრაციის უბნებზე და მოწინააღმდეგის საზენიტო სარაკეტო სისტემა დაბომბეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლსა და ქალაქის მიმდებარე რაიონებში აფეთქებების ხმა გაისმა.