“ევროკავშირის ზოგიერთ წევრს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების სრულად აკრძალვა სურს”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში  ისაუბრებენ უკრაინასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს ომის შესაჩერებლად.

„თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ უკვე საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ვისაუბრებთ უკრაინაზე. ამ თემაზე თავის არიდება შეუძლებელია. უკრაინაზე ვსაუბრობდით სამხედრო გადასახედიდან, ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას და უკვე პოლიტიკური გადმოსახედიდან ვისაუბრებთ, რა ხდება, რა არის რუსეთის პოზიცია, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ომის შესაჩერებლად. იცით, რომ ადგილზე ვითარება დაძაბულია, ომი გრძელდება, დაშავებულთა რიცხვი იზრდება, ადამიანური ფასი, რომელსაც უკრაინა იხდის, აუწონელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ომის შესაჩერებლად, მაგრამ ვიდრე ომი გრძელდება, უნდა დავეხმაროთ უკრაინას როგორც შეგვიძლია და სადამდეც შეგვიძლია. ამ ომის გეოპოლიტიკური შედეგები მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

რაც შეხება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის აკრძალვის საკითხს, ჯოზეფ ბორელის თქმით, ამასთან დაკავშირებით პოზიციები განსხვავებულია.

როგორც ბორელი ამბობს, დარწმუნებულია, რომ დაბალანსებული მიდგომის პოვნას შეძლებენ.

„რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვას რაც შეეხება, ამ თემასაც განვიხილავთ. როგორც იცით, ეს არაფორმალური სხდომაა, რომელზეც გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუმცა იქნება პოლიტიკურად საორიენტაციო მსჯელობა. პოზიციები განსხვავებულია, ზოგიერთ წევრს ვიზების სრულად აკრძალვა უნდა, მეორე ნაწილს იმ მოდელის აკრძალვა, რომელიც სავიზო ღონისძიებებს განსაზღვრავს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით საბოლოო გადაწყვეტილებაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრობლემასთან მიმართებით დაბალანსებული მიდგომის პოვნას შევძლებთ. ალბათ პროცესი იქნება უფრო შერჩევითი, თუმცა კოლეგების დისკუსიების გარეშე, წინასწარ ვერ გეტყვით“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.