გერმანია და დანია ქარის ენერგიის ფართომასშტაბიან პროექტს იწყებენ – Bloomberg

გერმანიისა და დანიის მთავრობები ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ფართომასშტაბიანი პროექტის დაწყებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას შესაძლებელს გახდის, – ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი იუწყება. 

ბორნჰოლმის ენერგეტიკული კუნძული რამდენიმე ქარის ელექტროსადგურს გააერთიანებს და გამომუშავებულ ენერგიას ორ ქვეყანას შორის გაანაწილებს. 

მოსალოდნელია, რომ პროექტის მშენებლობას 9 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია დასჭირდება და მისი ექსპლუატაციაში გაშვება 2030 წლისთვის იგეგმება.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გარიგება სარგებლის მომტანი იქნება გადასახადის გადამხდელებისთვისაც. ამ მასშტაბის პროექტის განსახორციელებლად ორ ქვეყანას შორის დიდი ნდობაა საჭირო“, – განაცხადა დანიის ენერგეტიკის მინისტრმა დენ იორგენსენმა.

ეს პროექტი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ევროკომისიის პროგრამის განხორციელებისკენ, რომელიც მიზნად 2050 წლისთვის ევროპაში ოფშორული ქარის ელექტროსადგურების სიმძლავრის დღევანდელი 12 გვტ-დან 300 გვტ-მდე გაზრდას ისახავს.