“ერთადერთი სუბიექტი, ვინც ცივილიზებულ სამყაროში მოხალისეების უკრაინის ომში მონაწილეობის წახალისებას ეწევა, არის ქართული ოპოზიცია”- მამუკა მდინარაძე

ერთადერთი სუბიექტი, ვინც ცივილიზებულ სამყაროში მოხალისეების უკრაინის ომში მონაწილეობის წახალისებას ეწევა, ეს არის ქართული ოპოზიცია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი ცდილობს, სიკვდილი თანამზრახველად გამოიყენოს“.

„ახლა უკრაინაში დაღუპულ ხალხზეა საუბარი. საუბარი იყო საქართველოში გარდაცვლილ ადამიანებზეც, რომელიც, ვთქვათ, მოკლეს დანაშაულის შედეგად. ყველა შემთხვევაში, ამ ამბებს ისინი იყენებენ ინსტრუმენტად, რომ დააზიანონ ხელისუფლება. ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, ამ ფაქტს პიარული მიზნებით იყენებენ და არიან სიკვდილის თანამზრახველები. ეს არის რეალობა. მეგულებიან ადამიანები ომისა და ღალატის პარტიაში, რომლებსაც უხარიათ კიდეც, რომ პიარული დარტყმები განახორციელონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე აცხადებს, რომ არცერთი ქვეყანა არ ახალისებს საკუთარ მოქალაქეებს ომში წასასვლელად.

„გუშინ ჯანდაცვის კომიტეტში განიხილებოდა მათი ინიციატივა, უკრაინაში დაღუპული მებრძოლების სტატუსზე საუბრობდნენ, რომელიც საქართველომ უნდა აღიაროს, კომპენსაციით ჰქონდათ ეს შეფუთული. როგორც კი მსგავსი პრეცედენტი იქნება დაშვებული, ესეც არის გარკვეულწილად აღიარება სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობის. არ იღუპებიან ადამიანები ევროპის ქვეყნებიდან? ჩვენი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან? ხომ არიან გმირული სულისკვეთების ადამიანები, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში, რატომ არ იმჩნევენ ამ სიტუაციებს ევროპისა და აშშ-ის ლიდერები? პირიქით, გაგახსენებთ, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების განცხადებებს. მათ თქვეს, ჩვენ ვერ მივესალმებით მოხალისეების მონაწილეობასო. მათი ამ განცხადებების საფუძველი იყო, რომ რომანტიზება არ უნდა მოხდეს ომში ჩართვის, არ უნდა მოხდეს აღიარება მათი სტატუსების, რომ უფრო მეტი მოქალაქე არ ჩაერთოს ომში. მათი მხრიდან თუ მოქალაქეების გაფრთხილებაა, ჩვენი მხრიდან მტრობა და ღალატია? ერთადერთი, ვინც ცივილიზებულ სამყაროში მოხალისეების უკრაინის ომში მონაწილეობის წახალისებას ეწევა, არის ქართული ოპოზიცია“, – განაცხადა მდინარაძემ.