“თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინელი ხალხის მიმართ არაერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიება განახორციელა”-გიორგი ტყემალაძე

თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინელი ხალხის მიმართ, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიება განახორციელა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება უკრაინელი გმირების სახელობის ქუჩის სახელდებას, საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, უახლოეს თვეებში საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცედურა უნდა დასრულდეს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების ნორმალიზებას.

„ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოს გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის.

მისივე შეფასებით, უკრაინის საელჩოს დღემდე არ მიუღია პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებებზე, რომ ამ გზით აღნიშნულიყო უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა.