ენტონი ბლინკენის განცხადება და კოლინ პაუელის შხამიანი სინჯარა! – ლევან მამალაძე

“აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა წარმოადგინოს მოსამართლეთა კორუფციაში მონაწილეობის მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პოლიტიკური თამაშის და საქართველოში არეულობის მოწყობის ხელშემწყობ ნაბიჯად ჩაითვლება!”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას.

“რატომ აიძულა აშშ-მ 2012 წელს ახლად გამარჯვებული ქართული ოცნება, სააკაშვილის რეჟიმის დამცველი მოსამართლეები დაეტოვებინა, ახლა კი მათ სანქციები დაუწესა!

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციაში ედებათ ბრალი და სანქციები დაუწესდათ!

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა წარმოადგინოს მოსამართლეთა კორუფციაში მონაწილეობის მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პოლიტიკური თამაშის და საქართველოში არეულობის მოწყობის ხელშემწყობ ნაბიჯად ჩაითვლება!

მიუხედავად ამერიკის სიდიდისა და მსოფლიო გავლენისა არავის ეგონოს , რომ იქ სიღრმისეული ანალიზი კეთდებოდეს და მხოლოდ ამის საფუძველზე მზადდებოდეს გადაწყვეტილება. ხშირად პოლიტიკური მიზნები სიმართლეზე მაღლა დგას! გავიხსენოთ აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაულის მიერ მტკიცებულების სახით, გაეროს უშიშროების საბჭოზე შხამიანი სინჯარის წარმოდგენა. ამის საფუძველზე ერაყში ამერიკამ კოალიციურია ჯარებით ომი დაიწო, ქვეყანა დაინგრა და უამრავი ადამიანი დაიხოცა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სადამ ხუსეინს ქიმიური იარაღი არ გააჩნდა!

საქართველოს რეალობაში ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ 2012 წელს როცა „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მოიპოვა, აშშ-ს წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ახალ ხელისუფლებას თანამდებობებზე დაეტოვებინა ძალადობრივი რეჟიმის „გამპრავებელი“ მოსამართლეები. ასეთი ზეწოლის პირობებში სისტემური ცვლილებების გატარება შეუძლებელი იყო, რადგან მართლმსაჯულებასთან დაპირისპირება , საგრძნობლად შეასუსტებდა სახელმწიფოს. მაშინდელ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მოსამართლეები გაეთავისუფლებინა სააკაშვილის გავლენისგან და სასამართლოს დამოუკიდებელი მუშაობის საშუალება მიეღო. იმპერიები გავლენის სფეროების დაკარგვას ძნელად ეგუებიან, ამიტომ აშშ-მ ამ ბოლი წლებში გაზარდა იმ NGO-ების დაფინანსება ვინც სასმართლოს დისკრედიტაციისთვის მუშაობს!

მოსამართლეთა მიმართ სანქციების დაწესება პოლიტიკურ შინაარს ატარებს, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ვაჭრობის ფონზე, სასამართლოს სისტემაზე დარტყმა, ხელისუფლებაზე ზეწოლას და რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერას ნიშნავს! ამიტომ ამერიკისგან კორუფციის დამადასტურებელ მტკიცებულების წარმოდგენას არ უნდა ველოდოთ. ისინი დააკვირდებიან , რამდენად ეფექტურად გამოიყენებს ამას მეხუთე კოლონა!

სიმართლე უნდა ითქვას, ფერნაცვალ მოსამართლეების მიმართ საზოგადოებას დაბალი ნდომა აქვს, მაგრამ თუ მათ უდანაშაულობის დამტკიცება სურთ, ამერიკის სასამართლოში გაასაჩივრონ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება და საქართველოს ხელისუფლებას აშშ-სთან დაპირისპირებაში შესვლას არ შეუწყონ ხელი. ეს საინტერესო და საქართველოსთვის უპრეცედენტო პროცესი იქნება!
ხელისუფლებას კი ვურჩევდი, არ აიღოს ამ მოსამართლეების „უმწიკვლობაზე“ პასუხისმგებლობა. თვითონ გაუკეთოს ინიცირება საქართველოში გამოძიების დაწყებას და სიმართლის დადგენას. გასარკვევია: რამდენად შეუქმნა სააკაშვილის დაქირავებულმა ლობისტებმა ბატონ ბლინკენს განწყობა და სახელმწიფო დეპარტამენტს დააჩქარებინა მოსამართლეთა მიმართ სანქციების შემოღება; რა როლი მიუძღვის კიევის პოლიტიკურ ცენტრს არახამიას და სხვებს, საქართველოს მიმართ გადაწყვეტილების მომზადებაში; ვინ არიან ამერიკის ელჩის და სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმატორები; კიდევ რა დარტყმებს ამზადებს აშშ მეხუთე კოლონის მხარდასაჭერად და რევოლუციური ფონის შესაქმნელად; რამდენად არის საქართველო მზად, მოიგერიოს დარტყმები და უზრუნველყოს სახელმწიფოს უსაფრთხოება!
მტკიცებულებების არ არსებობის შემთხვევაში და საქართველოს საწინააღმდეგო გეგმების გასაჯაროებით, აშშ-ს პოლიტიკურ მიზნებს ფარდა აეხდება. დაუსაბუთებელი სანქციების დაწესება და ახლა შემოღება მეხუთე კოლონის მხარდაჭერად, სამოქალაქო დაპირისპირების, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფად უნდა ჩაითვალოს! გვახსოვდეს, რომ საქართველოს საწინააღმდეგო სცენარი მოქმედებაშია! ხელისუფლების ინტერესებშია მშვიდობის დაცვა და ყველაფრის გარკვევა, რათა არ დაუშვას ამერიკის ეს გადაწყვეტილება რადიკალურმა ჯგუფებმა არეულობისთვის გამოიყენოს”- წერს სოციალურ ქსელში სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე