დღეს ქვეყნის ბედი დგას სასწორზე და უნდა მივიღოთ ის, რასაც გვეუბნებიან, გავიგოთ კარგად და არა როგორც გვაწყობს სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე – სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რასაც გვეუბნებიან, გავიგოთ კარგად და არა როგორც გვაწყობს სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყველამ უნდა დაუსვას კითხვა თავის თავს თუ რა უნდა გააკეთოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობისათვის. მისივე განცხადებით, თავად საზოგადოების თანხმობის პროცესს გააგრძელებს.

„კანდიდატის სტატუსის საკითხი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გაფრთხილება და არის ძალიან მკაფიოდ ჩამოწერილი რა უნდა გავაკეთოთ. როცა გინდა ადამიანის გადაგდება ან ქვეყნის, კი არ ეუბნები რა უნდა გააკეთო 2022 წლის ბოლომდე, გადააგდებ, ეს არის და ეს, და ძალინ მარტივიც არის. ასე, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რასაც გვეუბნებიან, გავიგოთ კარგად და არა როგორც გვაწყობს სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ? მე დავიწყებ ჩემი თავით, მე რა უნდა გავაკეთო?! მე უნდა გავაგრძელო ის, რაც დავიწყე, უნდა გავააქტიურო ეს მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში ეროვნული თანხმობის პროცესი წინ წავწიოთ. მაქვს ძალიან დიდი იმედი, როგორც მქონდა დასაწყისიდან, მაქვს იმედი უფრო ქალების, იმიტომ, რომ ამაში დარწმუნებული ვარ, რომ გვაქვს მეტი ემპათია და გვესმის რამდენად არის ეს საჭირო იმისთვის, რომ ამაზე გავიზარდოთ, ამითი დავწყნარდეთ და შედგეს ეს ელემენტარული კონსენსუსი, რომელიც არის პირველი მოთხოვნა სიაში. ეს არის რასაც გვთხოვენ, როგორც პირველ გასაკეთებელს ჩვენგან.

ქვეყნის ბედი დღეს დგას სასწორზე და ძალიან მკაფიოდ სხვებმა გვითხრეს რა არის გასაკეთებელი, ჩემი სათქმელი რაღა იყო? ახლა რომ გვითხრეს და ქაღალდზე რომ წერია აბა რაღა ვქნათ? გვაძლევენ დროს პირობითად, 2022 წლის ბოლომდე გამოვასწოროთ, რაც არის გამოსასწორებელი, თუკი ნამდვილად გვინდა ეს კანდიდატობა, კანდიდატის სტატუსი და გვინდა ხომ? ვიცით, რომ 85%-ს უნდა, ასე რომ გავაკეთოთ და ეს პასუხისმგებლობა დღეს არის ათმაგად, თუ არა ასმაგად ხელისუფლებაზე. 6 თვე აქვს და 6 თვის ბოლოს თუ კიდევ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან. არც ჩემგან, არც თქვენგან, საზოგადოებისგან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.