ევროპამ არ გადაგვაგდო რაც მთავარია, უარი არ გვითხრა და ახლა უნდა ვიმუშაოთ და ფარ-ხმალი არ ჩამოვყაროთ – სალომე ზურაბიშვილი

რაც მთავარია, ევროპამ არ გადაგვაგდო – ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ აღიარება – რომ არა უკრაინა და ეს ახალი გარემოებები, ამას დღეს ნამდვილად არ მივიღებდით და შეიძლება ჯერ არც ვიმსახურებდით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე, ევროკომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის პოზიციას, საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღოს, ერთ კვირაში ევროპული საბჭოც დაადასტურებს.

„რაც მთავარია და რაც მინდა, რომ კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო. ევროპამ არ გვითხრა უარი. პირიქით. პირველ რიგში ევროკომისიის რეკომენდაცია უნდა წავიკითხოთ. სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის “ტვიტშიც” იგივე წერია და კარგად უნდა ვიცოდეთ, როგორ წავიკითხოთ. იქ წერია, რომ ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზეც ბოლო თვეებში ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, არც ვიოცნებებდით. მივიღეთ აღიარება და იმედი მაქვს, რომ ამას ევროპული საბჭო ერთ კვირაში დაადასტურებს. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ის, რაც აქამდე ჩვენთვის არავის უთქვამს, არავის უღიარებია და არავის მოუცია პირობა, რომ ეს პერსპექტივა ჩვენთვის მოცემული არის. იყო ამის მიმართ ხან გეოგრაფიული მიზეზები, რატომ არა და ხან სხვა მიზეზები, მაგრამ დღეს რომ არა უკრაინა, და ეს ახალი გარემოებები, ამას ნამდვილად არ მივიღებდით და შეიძლება ჯერ არც ვიმსახურებდით, მაგრამ მივიღეთ ეს დაპირება. იმედი მაქვს, რომ ამ ტექსტს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში გაიმეორებენ. კიდევ მაქვს იმედი, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხი… ყოველ შემთხვევაში ამ ერთ კვირაში უნდა ვიმუშაოთ და აქაც წინასწარ ფარ-ხმალი არ ჩამოვყაროთ,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.