აქამდე ხელისუფლების ინტენსიური მონდომებული საბოტაჟის შედეგად მოვედით, ეს იყო მიზანმიმართული შეგნებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი – ნიკა მელია

მძიმე დღეა საქართველოსთვის – ჩვენ აქამდე ხელისუფლების ინტენსიური მონდომებული საბოტაჟის შედეგად მოვედით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრა, თუმცა ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივა შეუნარჩუნა.

„ეს იყო ხელისუფლების მიზანმიმართული შეგნებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი. ჩვენ აქამდე ხელისუფლების ინტენსიური მონდომებული საბოტაჟის შედეგად მოვედით. საბოტაჟი რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. პირველი და მთავარი: როგორ ფორმაში შეხვდა ქვეყანა ამ ისტორიულ მომენტს. ძალადობრივი და პრობლემური არჩევნები, კლანი სასამართლოში,ზეწოლა მედიაში, პოლიტიკური დევნა და ტოტალური კორუფცია. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით, საგანგებოდ ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სპეციალურად პროცესის საბოტაჟისთვის მკაფიო პოლიტიკური დევნის აქტის განხორციელება დააჩქარა და ნიკა გვარამია დააკავა. ქვეყანაში არსებულ ანტიდემოკრატიულ გარემოს, მედიის დევნას და ღია პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ევროპარლამენტის ძალიან კრიტიკული რეზოლუცია მოჰყვა. პროცესი ხელისუფლებამ ჩიხში განგებ შეიყვანა. მეორე გამოხატულება თუ როგორ ახდენდა „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროინტეგრაციის ტორპედირებას, არის ჩვენს დასავლელ მეგობრებზე მუდმივი თავდასხმა, მათი კრიმინალებად გამოცხადება არის. ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და ყველა ის ევროპელი პოლიტიკოსი, ვინც განვლილ 30 წელიწადში საქართველოს კარგ მცოდნედ, საქართველოს მეგობრად და საქართველოს ქომაგად ჩამოყალიბდა ლანძღა, არც მეტი და არც ნაკლები და კრიმინალებად გამოაცხადა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.