“ჩვენ ყველას გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი არ იქნება” -კონსტანტინე ზარნაძე

ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას, თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე გამოეხმაურა. მან გარდაცვლილის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ამ უმძიმესი ტრაგედიის პარალელურად, პოლიტიკურ ველზე წარმოუდგენელი პროცესები მიმდინარეობდა. კონსტანტინე ზარნაძის თქმით, არის მომენტები, როდესაც პოლიტიკაზე მაღლა დადგომა და ერთიანობაა საჭირო. საკრებულოს უმრავლესობის წევრის განცხადებით, კითხვები მას შემდეგ უნდა დაისვას, რაც მძიმე დღეები გადაივლის და გამოძიება დასრულდება. კონსტანტინე ზარნაძის თქმით, ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელმაც პოლიტიკაზე მაღლა ბავშვების ჯანმრთელობა დააყენა სოფო ჯაფარიძე იყო და ამ პოზიციისთვის მას მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მიმძიმს განცხადების გაკეთება. ურთულესი დღეები გადავიარეთ. გულწრფელად ვფიქრობ, რომ არის მომენტები, როდესაც პოლიტიკაზე მაღლა უნდა დავდგეთ. არ ვამბობ იმას, რომ შეკითხვები არ დავსვათ. შეკითხვები მაქვს მეც, მაგრამ ხმამაღალი და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება, სანამ გამოძიება არ დასრულდება, არასწორი მგონია. ჩვენ ყველას გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი არ იქნება“- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ისეთ შედეგს დადებს, რომელიც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს სამართლიანობის განცდას მისცემს. კონსტანტინე ზარნაძე დარწმუნებულია, რომ არცერთ დამნაშავეს ხელი არ დაეფარება და გამოძიების შედეგი მომავალში მსგავს ტრაგედიებს აგვაცილებს.

„მოსახლეობა დაიღალა პარტიული კინკლაობით. მე, ისვე როგორც ყველა, ველოდები გამოძიების დასრულებას. ყველას გვყავს შვილები და ყველას გვინდა, რომ ამ ქალაქში ჩვენი შვილები უსაფრთხოდ იზრდებოდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დადებს ისეთ შედეგს, რომელიც სამართლიანობის განცდას მოგვცემს და მომავალში მსგავს ტრაგედიებს აგვაცილებს“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში ხმაური იყო. საკრებულოში “ქართული ოცნების” და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების გარდა, იყო გაწევ-გამოწევა, მათ შორის დაპირისპირებაში კონსტანტინე ზარნაძე მონაწილეობდა.