ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა

ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი აირჩიეს. ხმის მიცემის შედეგები ცოტა ხნის წინ გამოცხადდა ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ყრილობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი მოწინააღმდეგე, რიში სუნაკი 20 000 ხმით დაამარცხა.

ამომრჩეველთა აქტივობამ 82.6% შეადგინა. ჯამში კი 172 437 მოქალაქემ მისცა ხმა. ლიზ ტრასმა 81 326, ხოლო ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კი 60 399 ხმა მიიღო.

ახალი პრემიერი ხვალ შოტლანდიაში გაემგზავრება, სადაც ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან აუდიენციას გამართავს. აუდიენციაზე დედოფალი პრემიერს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დაავალებს.

კონსერვატიული პარტიის ლიდერის და შესაბამისად, ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობისთვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასთან ერთად ხაზინის ყოფილი კანცლერი რიში სუნაკიც იბრძოდა.

ლიზ ტრასი მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ ბრიტანეთის ისტორიაში მესამე ქალი პრემიერი გახდა.

ხმის მიცემა კონსერვატიულ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2015 წლიდან დღემდე ლიზ ტრასი გახდება ბრიტანეთის მეოთხე პრემიერი კონსერვატიული პარტიიდან.

თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლიზ ტრასი აცხადებდა, რომ გადაუდებელ ზომებს მიიღებს დიდ ბრიტანეთში საცხოვრებელი პირობების ზრდის საკითხის მოსაგვარებლად და გამარჯვების შემთხვევაში, ერთი კვირის განმავლობაში წარადგენს სამოქმედო გეგმას ენერგიის მზარდი ფასების მოსაგვარებლად.

ლიზ ტრასის თქმით, მისთვის პატივია „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად არჩევა. მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს. მან ასევე ახსენა ბორის ჯონსონიც.

„ჩემი მეგობარი, ბორის ჯონსონი. ბორის, თქვენ დაასრულეთ ბრექსიტი. თქვენ გაანადგურეთ ჯერემი კორბინი, თქვენ შექმენით ვაქცინა და თქვენ წახვედით ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. თქვენ პატივს გცემენ კიევიდან კარლაილამდე. მეგობრებო და კოლეგებო, გმადლობთ ნდობისთვის, რომ გავუძღვები “კონსერვატიულ პარტიას”, უდიდეს პოლიტიკურ პარტიას დედამიწაზე.“-განაცხადა ლიზ ტრასმა.