“ბარემ სანდრო გირგვლიანი და 2007 წლის 7 ნოემბრის დარღვევებიც ეხსენებინათ დამსახურებებში..”- ზვიად კირტავა

„ბარემ სანდრო გირგვლიანი და 2007 წლის 7 ნოემბრის დარღვევებიც ეხსენებინათ დამსახურებებში…“- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში  მედიცინის აკად. დოქტორი, ზვიად კირტავა  ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემას.

„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილისთვის თეორიულად შეიძლებოდა რაიმე პრემიის გადაცემა, მაგრამ პრემია “განსაკუთრებული დამსახურებისთვის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის დაცვის მხრივ” – თანაც – 2007 წლის შემდეგ განხორციელებული საქმიანობისთვის ? ეს ხომ სრული ლაფსუსია! ბარემ სანდრო გირგვლიანი და 2007 წლის 7 ნოემბრის დარღვევებიც ეხსენებინათ დამსახურებებში…

და მაინც, ჯერ ერთი, ამაზე ნორვეგიის ხელისუფლებას პასუხს ვერ მოვთხოვთ, რადგან თუ ეს ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ განახორციელა, ისინი ახლა ოპოზიციაში არიან.

და მეორეც, ასეთი რამ რომ ხდება, ეს მნიშვნელოვანწილად არის იმით გამოწვეული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოს სათანადოდ და გასაგებად ვერ აუხსნა, ან ვერ დაუსაბუთა, რა ტიპის მმართველობა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს და რა სისტემური დანაშაულებები იყო ჩადენილი მისი მმართველობის პერიოდში.

ამავდროულად, ჩემთვის სრულიად აშკარაა, რომ მსგავსი ნაბიჯი აბსოლუტურად არ შეუწყობს ხელს საქართველოში დეპოლარიზაციას და საქართველოს მოსახლეობის საკმაო ნაწილს დასავლეთის მიმართ უნდობლობის გრძნობას გაუჩენს ან გაუძლიერებს. 

სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანურად გამართლებულია, და საქართველოს ხელისფლების მოვალეობაცაა და არც უცხოელ ლიდერთა ინტერესია გასაკვირი. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მითოლოგიზაცია და დემოკრატიის შუქურად და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის ლიდერად წარმოჩენა არის სრული ნონსენსი და თუ ვინმეს წისქვილზე ასხამს წყალს, ეს მგონი, მხოლოდ რუსეთი და საქართველოში მისი აპოლოგეტებია.“- წერს ზვიად კირტავა.