“სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა იგივეა, რომ შუა საუკუნეებში თემურ ლენგისთვის გადაეცათ პრიზი მსოფლიოში მშვიდობის დარგში”- რატი იონათამიშვილი

სააკაშვილისთვის მსგავსი ჯილდოების გადაცემა ძალიან დიდი შეურაცხყოფაა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ საერთაშორისო დონეზე დემოკრატიული პრინციპების, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის საკითხე განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მმართველობის დროს არაერთი უფლების უხეში დარღვევა ხდებოდა.

„სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა იგივეა, რომ შუა საუკუნეებში თემურ ლენგისთვის გადაეცათ პრიზი მსოფლიოში მშვიდობის დარგში, რადგან სააკაშვილი ის კრიმინალია, ვინც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში სახელობით არის მოხსენიებული, როგორც დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედი და ავტორი. მისი მმართველობის დროს არაერთი უფლების უხეში დარღვევა ხდებოდა, მათ შორის საკუთრების უფლების, იყო განსაკუთრებული სისასტიკით მოპყრობა, პოლიტიკური ოპონენტების ცემა და ა.შ. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ფეხქვეშ გათელვა სისტემატური იყო. ამ ყველაფრის ფონზე მსგავსი ჯილდოების გადაცემა ძალიან დიდი შეურაცხყოფაა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ საერთაშორისო დონეზე დემოკრატიული პრინციპების“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო.