არსებული გეოპოლიტიკური წნეხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, ახლა ჯერი ევროკავშირზეა – შალვა პაპუაშვილი

საქართველომ გადადგა თავისი ნაბიჯი. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. არსებული გეოპოლიტიკური წნეხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ურყევი და ერთსულოვანი მხარდაჭერა და ევროპული ლიდერებისადმი ჩვენი ქვეყნების მხარდასაჭერი მოწოდებები საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ მოუთმენლად ველით ასეთ მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროპული პარლამენტის პრეზიდენტისადმი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაშია ნათქვამი.

შალვა პაპუაშვილი რობერტა მეცოლასთვის გაგზავნილ წერილში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.

„მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ამის მიუხედავად, იზოლირებულ პრობლემურ საკითხებზე ფოკუსირებასთან ერთად, ჩვენ, აგრეთვე, უნდა გვახსოვდეს ის შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც დამოუკიდებელმა მედიამ გასულ ათწლეულში საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია“,- ნათქვამია მიმართვაში.