“არავის სურს არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ – არცერთი პატიმრის სიკვდილი”- კახა კალაძე

“არავის სურს არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ – არცერთი პატიმრის სიკვდილი. ჯანმრთელობის უსაფრთხოება, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ყველა პატიმრის შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მას არ სურს ექსპრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს.

კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს თუ არა.

“შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს, რომელსაც ბრალი მიუძღვის და ჩადენილი აქვს დანაშაული კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიციაა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და როდესაც ხარ პოლიტიკაში, ხარ პოლიტიკოსი, მით უმეტეს, ქვეყნის პირველი პირი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს. ძალიან სამწუხაროა ის წლები, რა ხდებოდა ქვეყანაში თავისუფლების, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების მიმართ, რა ვითარება იყო, როგორი დამოკიდებულება ბიზნესსექტორის და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ეს ძალიან მძიმე იყო და მე მგონია, რომ ყველამ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს“, – აცხადებს კალაძე.