ზურაბ აბაშიძემ ოპოზიციის განცხადებებს მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ პოლიტიკური ოპონენტების განცხადებებს მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებები დედაქალაქის რეკრეაციული ზონების, გამაჯანსაღებელი და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისკენაა მიმართული და ემსახურება ყველაზე მთავარს – მოსახლეობის კეთილდღეობას.

„ყველა პროექტი, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით ხორციელდება მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. ეს მნიშვნელოვანი პროექტები აუცილებლად განხორციელდება, თუ გინდათ ამის დანახვა, დაინახავთ, თუ არ გინდათ დაინახოთ, ამას, რა თქმა უნდა, დავარქმევდი მიზანმიმართულ პროვოკაციას,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და დედაქალაქში გადაადგილების პრობლემების აღმოფხვრისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების მიმართულებით სატრანსპორტო რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„უკვე ათწლეულებია, თბილისის განვითარებასთან ერთად, იზრდება დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობაც. შესაბამისად, აუცილებელია ქუჩების ინფრასტრუქტურის განახლება, რათა თბილისის მცხოვრებლებსა და სტუმრებს შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება. ვხედავთ, რომ ეტაპობრივად ყველა ქუჩაზე ხდება მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების მოწესრიგება. ეს ყველაფერი კი კეთდება იმისთვის, რომ ახალ რეალობაში ჩვენმა მოქალაქეებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ამ მასშტაბურ პროექტებს და განხორციელებულ ინიციატივებს ჩვენი მოსახლეობა თვალნათლივ ხედავს. ასევე, მინდა შევეხო ავტობუსების საკითხს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ იზრდება დედაქალაქის ბიუჯეტი, შესაბამისად, თბილისის მერია დედაქალაქისთვის შეიძენს სრულიად ახალ ავტობუსებს. მოგეხსენებათ, ამ მიზნით იგეგმებოდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხის აღება, რაც, გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, აღარ გახდა საჭირო,”- დასძინა ზურაბ აბაშიძემ.