“ზარალი უფრო დიდია ვიდრე აქამდე ეგონა” – ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ისგან 1,27 მილიარდ დოლარს ითხოვს

საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს $1,27 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის ზარალში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბანკმა ზარალის თავიდან ასაცილებლად “არ გადადგა ნაბიჯები”.

 ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურის კომერციული დავების საერთაშორისო სასამართლოს საქართველოდან, ვიდეოზარით მისცა ჩვენება.

“მეგონა მივედი ექსპერტებთან, რომლებიც იმუშავებდნენ ჩემი კაპიტალისა და ჩემი ოჯახის დასაცავად”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ადვოკატების მტკიცებით, ბანკმა ივანიშვილის დანაკარგი $818 მილიონად შეაფასა, ხოლო მათი დათვლით, გაცილებით მეტია და ის $1,27 მილიარდს შეადგენს.

ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები დაადასტურებს, რომ მოსარჩელეებს მოთხოვნა უნდა დაუკმაყოფილდეთ.

ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილმა ფინანსური ზარალი მიიღო.

ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

სასამართლო პროცესი სინგაპურში დღესაც გაგრძელდება.