“ამ მომენტიდან უკრაინელები და არა რუსები კარნახობენ ომის წესებს”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ამ მომენტიდან უკრაინელები და არა რუსები კარნახობენ ომის წესებს. 

„ჩვენებმა საბოლოოდ აიღეს სტრატეგიული ინიციატივა საკუთარ ხელში, რაც ნიშნავს, რომ ამ მომენტიდან უკრაინელები და არა რუსები კარნახობენ ომის წესებს. გუშინ მათ მიაღწიეს დიდ წარმატებას დონბასში, გადალახეს რა მდინარე სევერსკი დონეცკი და აიღეს დასახლებული პუნქტები მარცხენა ნაპირზე. ხერსონში დამატებით აიღეს ორი დასახლებული პუნქტი.

რუსებმა შეძლეს დამატებით დაანონსებული 40 ათასი მებრძოლიდან, მხოლოდ 10 ათასი მებრძოლის შეკრება ახალი საარმიო კორპუსისთვის, რაც არაფერს ცვლის. უახლოეს ერთ-ორ კვირაში ევროპიდან ბრუნდება 40 ათასი გადამზადებული უკრაინელი მებრძოლი, რომელთაც გაიარეს სამთვიანი კურსი მათ შორის დასავლური ტექნიკის გამოყენებაში.

გერმანიამ გუშინ გამოაცხადა, რომ ოქტომბერში უკრაინას გადასცემს მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, ორი მსგავსი სისტემა უკვე მიდის ამერიკიდან სამხრეთ ფრონტზე. თვითონ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტურობა უკვე გაიზარდა 40%-იდან 70%-მდე, დასავლური ტექნიკა გაზრდის მინიმუმ 90%-მდე. ამერიკული ანტისარადარო სისტემების დახმარებით ხელახლა, სრული ძალით ამუშავდა ბაირახტარები, რომელთაც ადრე რუსული რადარები უშლიდა ხელს.

ახლა ახალი ამერიკული ტექნიკის დახმარებით რუსულ რადარებზე უკრაინელები ბევრად მარტივად ანადგურებენ. რუსების წარუმატებლობას დაემატა ისიც, რომ მათ მოუხდათ ირანული დრონების პირველი პარტიის უკან დაბრუნება ტექნიკური გაუმართაობის გამო. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე გამოყოფილ 48 მილიარდ დახმარებას კიდევ 14 დაამატა.

რომ შევადაროთ ავღანეთს, ათი წლის განმავლობაში ამერიკა 100 მილიარდი დოლარით დაეხმარა და აქ ამ ციფრზე პენტაგონი ერთ წელიწადში გავა. ასევე, ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ დანიშნა ოპერაციის კოორდინატორი გენერალი პირველად ამერიკის მხრიდან.

რაც შეეხება ხერსონს, იქ რუსების 25 ათასი დაჯგუფება ცეცხლის ალყაში იმყოფება და გასაქცევიც არსად აქვს, რაც ნიშნავს, რომ ან დაიხოცებიან ან ტყვედ ჩაბარდებიან.

მოკლედ, საქმე უფრო უკეთესად მიდის ვიდრე ოპტიმისტებსაც კი წარმოუდგენიათ.

მივესალმები თბილისში უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას. განვიხილავ ამას, როგორც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ჟესტს ყველას მხრიდან“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.